ევროკავშირმა საქართველოში გაცემული თევზჭერის სერტიფიკატები აღიარა – 2 აპრილს გამოქვეყნდა ევროკომისიის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ევროკავშირმა ოფიციალურად აღიარა საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ გაცემული თევზჭერის სერტიფიკატები.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ თევზჭერის სერტიფიკატების აღიარება საქართველოს მეთევზეობის დარგს დაეხმარება ევროკავშირის სტანდარტებთან კიდევ ერთხელ დაახლოებაში, კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში, საექსპორტო პოტენციალის გაზრდასა და ქვეყანაში მაღალი სტანდარტის თევზჭერის მეთოდების დანერგვაში.
აღიარების შემდგომ, ქართველი მეწარმეებისთვის შესაძლებელი გახდება ზღვაში დაჭერილი ზღვის თევზისა და თევზჭერის პროდუქტების ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტი, რაც, თავის მხრივ, საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
“აღნიშნული აღიარება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბოლო წლების განმავლობაში შესაბამისი მიმართულებებით გატარებული რეფორმების შედეგია. ევროკავშირის რეგულაციების გათვალისწინებით და არსებულ საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით, არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი (IUU) თევზჭერის პრევენციის, გამოვლენისა და აღმოფხვრის მიზნით სამინისტრომ საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა. ქვეყანაში მოქმედებს ავტორიზაციისა და კონტროლის მექანიზმები; სამინისტრომ დაამტკიცა ჭერის სერტიფიკატის ფორმა და დარღვევებისთვის პასუხისმგებლობის ზომები დააწესა”, – აცხადებენ სამინისტროში.
გასულ წელს საქართველოდან თევზის ექსპორტი 30%-ით გაიზარდა და 2.3 მილიონი დოლარი შეადგინა. საქართველოსთვის თევზის მთავარი საექსპორტო ბაზარი სომხეთია, რომელზეც მთლიანი ექსპორტის ნახევარზე მეტი მოდის. კერძოდ, გასულ წელს საქართველომ ახალი ან გაცივებული თევზი შემდეგ ქვეყნებში გაყიდა:
- სომხეთი – 1.5 მლნ დოლარი;
- აზერბაიჯანი – 797 ათასი დოლარი;
- უკრაინა – 62 ათასი დოლარი.