ბოლო 3 თვეში კვერცხსა და ქათმის ხორცზე ფასები 15%-ით გაიზარდა, უახლოეს პერიოდში კი სექტორის წარმომადგენლები პროდუქციაზე ფასების კიდევ 10-20%-იან ზრდას ვარაუდობენ. მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომის გამო ფრინველის საკვებ პროდუქტებზე მკვეთრად გაზრდილი ფასებია.
„მოგეხსენებათ ლარსი იყო ჩაკეტილი 20-25 დღე, მარაგები თავდებოდა და როცა მარაგები თავდება ყოველთვის პანიკური განწყობაა, ამ ეტაპზე პანიკა ცოტა გაწეულია გვერდზე, გვაქვს იმედი, რომ მოსავალი უკეთესი იქნება ვიდრე იყო შარშან. აუცილებლად მოგვიწევს გაძვირება მაგრამ „ხვალივე“ არა, ასე არ დგას საკითხი, ვცდილობთ, რომ მარაგები მიგვყვეს“, – განაცხადა bmg-თან საუბრისას მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარემ ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.
ერთკვირიან ვადაში კვერცხის 40 თეთრამდე გაძვირებას პროგნოზირებენ კომპანია „პატარძეულშიც.“
„ფრინველის საკვები იკითხეთ რა ღირს და გეტყვით, რა არის გაძვირებული. აღარ შემოდის, ადგილზე აღარ იშოვება სიმინდი, მარტო სიმინდში 1.20 ლარს ვიხდით და სხვა დანამატები კიდევ რამდენი უნდა?! ფასის გაზრდის გარდა სხვა გამოსავალი არ არის, თუარადა გავჩერდებით. ახლა 30 თეთრია კვერცხი და შეიძლება 40 თეთრამდე ავიდეს. ალაბთ, ერთ კვირაში ავსახავთ ფასზე“, – უთხრა bmg-ს შპს პატარძეულის დირექტორმა ოთარ მუჩიაშვილმა.
სექტორის წარმომადგენლების ინფორმაციით, წელიწადში საქართველოს ერთი მოქალაქე საშუალოდ 200 კვერცხს და 12-დან 14 კგ-მდე ფრინველის ხორცს მოიხმარს.