საქართველოს მთავრობას მის საკუთრებაში არსებული ათასობით ტონა სპირტის გაყიდვა უჭირს – უშედეგოდ დასრულდა 20 აუქციონი, რომელთა მეშვეობითაც მილიონობით ლარის საბრენდე სპირტი უნდა გაყიდულიყო. მთავრობას ათასობით ტონა სპირტი რთველის სუბსიდირების პროგრამის გამო დაუგროვდა; ამასთან, 2021 წელს სახელმწიფომ სუბსიდირების გზით უპრეცედენტო მოცულობის – 138 მილიონი ლარის ყურძენი ჩაიბარა. ამ ყურძნის მნიშვნელოვანი ნაწილით სახელმწიფო კომპანიამ საბრენდე სპირტი დაამზადა.
უშედეგო აუქციონები:
6 ივნისს უშედეგოდ დასრულდა 20 აუქციონი, რომლითაც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 21,600,000 ლარის სპირტი იყიდებოდა. ამ სპირტის საერთო მოცულობა 3,000,000 ლიტრს შეადგენდა.
ასევე უშედეგოდ დასრულდა ხვანჭკარის ღვინომასალაც, რომელსაც მთავრობა ასევე სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში ამზადებს. საუბარია 20 აუქციონზე, რომლითაც 135,000 ლიტრი ხვანჭკარის ღვინომასალა 675,000 ლარად იყიდებოდა.
რატომ უგროვდება მთავრობას ათასობით ტონა გაუყიდავი სპირტი?
ამის მიზეზს რთველის სუბსიდირების არსებული მოდელი წარმოადგენს. სუბსიდირების პირობების თანახმად, მთავრობა მის საკუთრებაში არსებულ “მოსავლის მართვის კომპანიას” ყურძნის შესყიდვას ავალებს და პროცესს სახელმწიფო სუბსიდიით აფინანსებს. სახელმწიფო დაკვეთით ღვინის ქარხნები შემდგომ ამ ყურძენს გადაამუშავებენ და მისგან სპირტს და ღვინომასალას აწარმოებენ, რაც შემდგომში საწყობდება და პერიოდულად აუქციონის გზით იყიდება. სახელმწიფოს მიერ წარმოეულ ღვინომასალას და საბრენდე სპირტს შემდგომ ღვინის და ბრენდის კერძო მწარმოებლები ყიდულობენ და მას საკუთარ პროდუქციაში აზავებენ. მთავრობის განცხადებით, სუბსიდიის არსებული მოდელი საჭიროა, რათა ბაზარზე “ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩეს”.
მთლიანობაში 2021 წლის რთველის პროცესში სახელმწიფომ ინდუსტრიულად ჩაბარებული ყურძნის ⅓ შეისყიდა, ეს კი ნიშნავს იმას, რომ მევენახეთა ერთ მესამედზე მეტმა საკუთარი მოსავალი საბიუჯეტო ორგანიზაციას მიჰყიდა.
2017 წლიდან მოყოლებული სახელმწიფო რთველის სუბსიდირებას ამ მოდელით მიმდინარეობდა. 2017 და 2018 წლებში სუბსიდია 40 მილიონი ლარი იყო, რაც 2019 წელს 80 მილიონამდე, 2020-ში 104 მილიონ ლარამდე, 2021 წელს კი 138 მილიონ ლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, სუბსიდირების ზრდასთან ერთად ბაზარზე სახელმწიფო ჩარევაც მზარდია. პარალელურად, სახელმწიფო კომპანიის მარაგებში სუბსიდიის შედეგად შესყიდული და გადამუშავებული ალკოჰოლური სასმელების მარაგებიც იზრდება. როგორც ჩაშლილი აუქციონები აჩვენებენ, კერძო სექტორი ამ სპირტის და ღვინომასალის შესყიდვისთვის ამჟამად დიდ ინტერესს არ გამოხატავს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ bm.ge-ის განუცხადა, რომ სუბსიდირება, სავარაუდოდ, წელსაც გაგრძელდება