PMC კვლევითი ცენტრის განცხადებით, ევროკავშირის მსგავსად საქართველომაც უნდა იფიქროს საკუთარ ენერგოუსაფრთხოებაზე, რაც შიდა წარმოების შესაძლებლობების (განსაკუთრებით ჰიდროენერგიის) სრულად ათვისებისა და იმპორტის დივერსიფიკაციას გულისხმობს.
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევა, რომელიც ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ეხება, მიმოიხილავს საქართველოს დამოკიდებულების ხარისხს იმპორტზე, უმთავრესად კი რუსეთიდან. კვლევის მიხედვით, 2020 წელს საქართველოში იმპორტის გზით 6,162.8 ტერაჯოული ელექტროენერგია შემოვიდა, რაც ქვეყანაში წარმოებული ელექტროენერგიის მხოლოდ 5.3%-ია.
საქართველოში იმპორტირებულ ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი წილი რუსეთზე მოდის. 2022 წლის I კვარტალში საქართველოს ენერგეტიკის იმპორტზე მთლიანი დანახარჯების 36% რუსეთზე მოდიოდა. ელექტროენერგიისგან განსხვავებით, საქართველო თითქმის მთლიანად დამოკიდებულია გაზის იმპორტზე. 2022 წლის I კვარტალში გაზის იმპორტზე დახარჯული 184 მილიონი დოლარის 19% რუსეთიდან გაზის იმპორტს მოხმარდა.
საქართველოში იმპორტირებული გაზის საშუალო ფასი (0.20 აშშ დოლარი/კგ 2022 წლის I კვარტალში) ზოგადად დაბალია რუსეთიდან შემოტანილი გაზის საშუალო ფასთან (0.25 აშშ დოლარი/კგ 2022 წ. I კვრტ.-ში). რაც შეეხება ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს, ამ შემთხვევაში ქვეყანა თითქმის მთლიანად [98%] იმპორტზეა დამოკიდებული. 2022 წლის I კვარტალში ნავთობის იმპორტზე 244.5 მილიონი დოლარი დაიხარჯა, რაც 33%-ით მეტია ამ პერიოდში გაზის იმპორტზე გაწეულ ხარჯებზე. მიზეზი ნავთობზე გაზრდილი ფასებია. რუსეთის წილი საქართველოში ნავთობის იმპორტის მთლიან ხარჯებში 18%-ია.
ასევე, კვლევაში წერია, რომ საქართველოში გამოყენებული ქვანახშირის დიდი ნაწილიც იმპორტირებულია (82.3%), თუმცა ქვანახშირს მცირე წილი აქვს საქართველოს მთლიან შიდა ენერგეტომომარაგებაში. დაბალია ქვანახშირის ფასი და ნახშირის იმპორტზე დანახარჯებიც, მაგრამ რუსეთი ქვანახშირის მთავარი იმპორტიორია საქართველოში.
“2012 წლიდან 2022 წლის I კვარტლის ჩათვლით საქართველოს მიერ ენერგეტიკული პროდუქტების იმპორტზე ჯამურ დანახარჯებზე დაკვირვებით საქართველოს ენერგეტიკული ბაზარი საკმაოდ კონცენტრირებულია. საქართველოსთვის ძირითადი ენერგეტიკული პროდუქტების მთავარი ექსპორტიორია აზერბაიჯანი და მხოლოდ ამის შემდეგ რუსეთი. გაზის იმპორტი ყველაზე ნაკლებად არის დივერსიფიცირებული სხვა ენერგო პროდუქტებთან შედარებით, გაზის 82% იმპორტირებულია აზერბაიჯანიდან და 16% რუსეთიდან. ელექტროენერგიის ორი მთავარი ექსპორტიორიც რუსეთი (50%) და აზერბაიჯანი (41%) არიან. ამ პერიოდში ჯამურად იმპორტირებული ქვანახშირის ნახევარი შემოვიდა რუსეთიდან (52%) და ასევე, მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინიდან (29%). ნავთობის იმპორტი საქართველოში ყველაზე დივერსიფიცირებულია სხვა ენერგეტიკულ პროდუქტებთან შედარებით. საქართველოსთვის მთავარი ექსპორტიორები ამ შემთხვევაში რუმინეთი (25%) და აზერბაიჯანი (21%) არიან, რუსეთიდან კი ნავთობის 16% შემოდის.
ევროკავშირის მსგავსად, საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ენერგიის შიდა წარმოების შესაძლებლობების (განსაკუთრებით ჰიდროენერგიის) სრულად ათვისებისა და იმპორტის დივერსიფიკაციის გზით ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გასაზრდელად”,-წერია კვლევაში.