ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება დღეიდან 150 ლარამდე გაიზრდება. პრემიერ-მინისტრის განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროგრამა 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება და ბიუჯეტიდან 341 მლნ ლარი გამოიყოფა.
„ჩვენი შვილების უკეთეს მომავალზე ზრუნვა, მათი განვითარების, ჯანმრთელობის, სრულფასოვან მოქალაქეებად აღზრდის პირობათა შექმნა საქართველოს ძლიერების წინაპირობა და, ამდენად, ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი ამოცანაა.
შარშან ჩვენ გავაორმაგეთ სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება; დღეიდან, დახმარება კიდევ იზრდება და 150 ლარს შეადგენს. პროგრამა 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება, რისთვისაც სახელმწიფო 341 მილიონ ლარსგამოყოფს.
ბავშვთა სიღარიბის შესამცირებლად, მათი განვითარების უზრუნველსაყოფად ჩვენი ძალისხმევა კვლავაც გაგრძელდება და გაძლიერდება. მშვიდობას, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას ვუსურვებ ჩვენს პატარებს და მათ ოჯახებს”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
ინფორმაციისთვის: სოცდაუცველი ბავშვების ყოველთვიური დახმარება დღემდე 100 ლარი იყო.