ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის შესახებ ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმად, ღია სივრცეში, მათ შორის პარკებსა და ბულვარებში ძაღლების გასეირნება მხოლოდ საბელით ან ალიკაპით არის დასაშვები. ასევე, საგულისხმოა ის გარემოება, რომ ბრძანების პირველად რედაქციაში ეს მოთხოვნა არ იყო ძალაში დეკორატიული ჯიშის ძაღლებისთვის, თუმცა განახლებულ რედაქციაში ეს გამონაკლისი ამოღებულია.
“ძაღლის ყოლა ღია სივრცეში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში ნებადართულია საბელით ან ალიკაპით (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა). ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ძაღლის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანა ნებადართულია მხოლოდ საბლით და ალიკაპით, ან სპეციალური კონტეინერით”, – ნათქვამია ბრძანების განახლებულ რედაქციაში.
ბრძანების პირველად რედაქციაში კი ეს მოთხოვნა სხვა სახით იყო ჩამოყალიბებული და დეკორატიული ჯიშის ძაღლებზე გამონაკლისს მოიცავდა:
“ძაღლების (გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა) გასეირნება საზოგადოებრივ ადგილებში (ქუჩები, სტადიონები, სკვერები, პარკები და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები), გარდა სპეციალური გამოსასეირნებელი ადგილებისა და გადაყვანა 07:00 – 23:00 საათების პერიოდში ნებადართულია მხოლოდ მოკლე საბმელით ან საბმელით და ალიკაპით. იგივე კატეგორიის ცხოველების გასეირნება და გადაყვანა იგივე კატეგორიის ადგილებში 23:00 – 07:00 საათების პერიოდში ნებადართულია ალიკაპით, საბმელის გარეშეც. ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ძაღლების (გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა) საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანა ნებადართულია მხოლოდ მოკლე საბმელით და ალიკაპით, ან სპეციალური კონტეინერით”, – აღნიშნულია ბრძანების პირველად რედაქციაში.
ამ მუხლის დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი შემდეგ ჯარიმებს განსაზღვრავს:
“ძაღლის საბლის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა), − გამოიწვევს ძაღლის მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში გამოიწვევს ძაღლის მფლობელის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით,”- ნათქვამია კოდექსში.