„ოზურგეთში, ექადიის ტყე-პარკის რეაბილიტაცია იწყება. პროექტის ბიუჯეტი 1 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს“, – ამის შესახებ ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.
ექადიის ტყე-პარკი, რომელიც საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში გაკეთდება, სრულად მოწესრიგებული საზოგადოებრივი სივრცე იქნება.
„როგორც ჩვენს თანამოქალაქეებს დავპირდით, ვიწყებთ ექადიის ტყე-პარკის რეაბილიტაციას, სადაც უნიკალური ეკოსისტემაა. არსებული ლანდშაფტის, მწვანე ნარგავების სრული დაცვით და შენარჩუნებით, ვგეგმავთ, რეკრეაციული ზონების მოწყობას, სასეირნო ბილიკების გაკეთებას, დასასვენებელი სკამებისა და ლამპიონების მონტაჟს. მნიშვნელოვანია, რომ ექადიის ტყე-პარკი გახდეს ქალაქ ოზურგეთის ერთ-ერთი გამორჩეული ლოკაცია და სანაპიროს ქუჩას საფეხმავლო ხიდით დაუკავშირდეს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.