მოკლევადიან პერსპექტივაში, რუსეთის ეროვნული ვალუტა გაუფასურების ტენდენციას უბრუნდება. 24 საათში რუბლის გაცვლითი კურსი ამერიკულ დოლართან მიმართებით 10%-ზე მეტით შემცირდა და ამჟამად ერთი დოლარის შესაძენად 65 რუბლია საჭირო, მაშინ, როცა ჯერ კიდევ გუშინ გაცვლითი კურსი 56 რუბლის ფარგლებში მერყეობდა.
ვალუტის გაუფასურების გამომწვევი ძირითადი მიზეზი რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას და რეფინანსირების განაკვეთის 14%-დან 11%-მდე შემცირების გადაწყვეტილების მიღებას უკავშირდება.
ზოგადად, განაკვეთის შემცირება ნეგატიურად აისახება ეროვნული ვალუტის სიმყარეზე, ამ შემთხვევაში, გამონაკლისი არც რუსეთია. საგულისხმოა, რომ მყისიერი გაუფასურება არა უშუალოდ განაკვეთის შემცირებით გამოწვეული ეკონომიკური ფაქტორებით, არამედ სავალუტო ბირჟაზე არსებული სპეკულაციური შეფასებითა და ნეგატიური მოლოდინებითაა გამოწვეული, რადგან ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის ცვლილებაზე, პირველ რიგში, სწორედ ბირჟაზე მოვაჭრე სუბიექტები რეაგირებენ, 24-საათიან ჭრილში კი ცალსახად მხოლოდ ამ ფაქტორის დანახვაა შესაძლებელი.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამჟამად რუბლი თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტა არ არის, მის გადაცვლასა და განაღდებაზე მთავრობის მიერ შეზღუდვებია დაწესებული, საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე კი რუბლით ვაჭრობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნადაა შემცირებული. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ თავისუფალი ვაჭრობის პირობებში რუბლი დღეს 10%-ზე გაცილებით უფრო მეტადაც კი გაუფასურდებოდა.
რუსეთის ეროვნული ვალუტის სიმყარეს პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საკუთარი პოლიტიკის ეფექტიანობის მთავარ ინდიკატორად მიიჩნევს. მან არაერთხელ განაცხადა, რომ მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაწესებული სანქციებისა, რუსეთის ეკონომიკას საფრთხე არ ემუქრება, ამის მაჩვენებელი კი რუბლის სიმყარეა.
რუსული სამხედრო ძალების უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე დღეში ამერიკული დოლარის გაცვლითმა კურსმა 140 რუბლს მიაღწია, თუმცა რუსეთის მთავრობამ საპასუხო ზომებიც მალევე მიიღო – კაპიტალზე მკაცრი კონტროლი მყისიერად დაწესდა, უცხოურ ვალუტაში კონვერტაცია თითქმის აიკრძალა, კომპანიებს კი შემოსავლის 80%-ის რუბლში გადაცვლა დაევალათ. მოკლე პერიოდში ხელოვნურად შექმნილი მოთხოვნითა და მკაცრი სავალუტო კონტროლით რუბლი მსოფლიოს ყველაზე მკვეთრად გამყარებად ვალუტად იქცა და რამდენიმე თვეში დოლარის გაცვლითი კურსი 56 რუბლამდეც კი შემცირდა.
ეკონომისტების შეფასებით, ამჟამად რუბლის გაცვლითი კურსი პირდაპირაა დამოკიდებული სავაჭრო ბალანსზე. ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში იმპორტის მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა, ხოლო ექსპორტის ძირითადი ნაწილი, რაც უმეტესწილად ნავთობსა და ბუნებრივ აირზე მოდის, პრაქტიკულად უცვლელი დარჩა – მსოფლიოს მასშტაბით ენერგორესურსების გაძვირების ფონზე, აღნიშნული მოცემულობა ხელს უწყობს რუბლის გამყარებას. სავაჭრო პროფიციტის ეფექტი კიდევ უფრო მკაფიო მას შემდეგ გახდა, რაც კრემლმა „არამეგობრულ სახელმწიფოებს“ ენერგორესურსების საფასურის გადახდა რუბლში დაავალა ან ალტერნატივად Gazprombank-ში ანგარიშების გახსნა შესთავაზა, საიდანაც თანხა ავტომატურად კონვერტირდება რუბლში, რომელიც, საბოლოო ჯამში, მასზე მოთხოვნის ზრდას და გამყარებას უწყობს ხელს.
საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ რუბლის სიმყარე მასზე შექმნილი ხელოვნური მოთხოვნითა და შემზღუდავი ფაქტორებითაა გამოწვეული, ხოლო მოკლევადიან პერსპექტივაში მისი გაუფასურება პირდაპირ უკავშირდება მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას და სავალუტო ბირჟაზე ნეგატიური მოლოდინების ზრდას.