საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟთან დაკავშირებით, მელიქიშვილის გამზირზე, 21 იანვრის 00:00 სთ-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.
შეზღუდვის პერიოდში ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის ქუჩიდან კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ კეკელიძის, ჯანაშიას, ქუთათელაძის, ბარნოვისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.
„გარდა ამისა, ტრანსპორტის მოძრაობა 22 იანვრის 00:00-დან 06:00 საათამდე შეიზღუდება: ქეთევან დედოფლის გამზირზე, ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. შეზღუდვის პერიოდში სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ირბახის, წურწუმიას, ზურაბაშვილისა და კაჩინსკის ქუჩების საშუალებით. კაჩინსკის ქუჩიდან გადაადგილება დასაშვები იქნება, როგორც ბოჭორმის ქუჩის, ისე ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით (მარცხნივ მოხვევით). ავტომობილების მძღოლები ასევე, იმოძრავებენ თელავის ქუჩიდან ბოჭორმის ქუჩის, ასევე, იალბუზის ქუჩიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით.
საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟის დროს, გადაადგილება შეიზღუდება კოსტავას ქუჩაზეც. კერძოდ, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან გმირთა მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. შეზღუდვა 23 იანვრის 00:00-დან 06:00 საათამდე იმოქმედებს.
შეზღუდვის პერიოდში რუსთაველის გამზირიდან მიმავალი საავტომობილო ნაკადისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩების საშუალებით, ხოლო ნ. ნიკოლაძის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით, მძღოლები რუსთაველის გამზირისა და ჭოველიძის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ. ასევე, რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილება დასაშვები იქნება ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით.
24 იანვრის 00:00-დან 06:00 საათამდე, წერეთლის გამზირზე ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ შეფერხებით, თუმცა, არსებული სქემის შესაბამისად“,- ნათქვამია ინფორმაციაში.