საერთაშორისო ბირჟაზე უნცია მეტალის ღირებულებამ 2,140 დოლარს მიაღწია, რაც ერთწლიან პერიოდში 15%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ოქრო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კარგად გამოცდილი ღირებულების შემნახველი აქტივია, რომელსაც ადამიანები 7,000 წელიწადზე მეტი ხანია იყენებენ.
ოქროს ყიდვა-გაყიდვა როგორც ფიზიკური, ასევე ფასიანი ქაღალდის ფორმითაა შესაძლებელი.
ინვესტორები ოქროს პორტფელის დივერსიფიკაციის და გლობალური კრიზისებისგან თავის დაზღვევის მიზნით ყიდულობენ. გარდა ამისა, ოქროს უმსხვილეს შემსყიდველთა შორის არიან ცენტრალური ბანკები და გლობალური საფინანსო ინსტიტუტები, რომელთაც ოქრო რეზერვების შესავსებად სჭირდებათ. საერთო ჯამში, ცენტრალური ბანკები 35 ათას მეტრულ ტონა ოქროს ფლობენ, რაც გლობალური მიწოდების 1/5-ია.
ოქროს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც კრიზისისგან თავის დაზღვევის საშუალებას, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ ოქრო მაშინაც კი ინარჩუნებს თავის ღირებულებას, როდესაც გლობალური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ვითარება მნიშვნელოვნად უარესდება და კრიზისის რისკები იზრდება.
ოქროს მორიგი უპირატესობა ინფლაციას უკავშირდება. ისტორიულ მონაცემებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ ოქრო თავის მსყიდველობით უნარს და ღირებულებას მაშინაც კი ინარჩუნებს, როდესაც ინფლაციის დონე მკვეთრად იზრდება.
საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასს მოთხოვნა-მიწოდება ადგენს. ძირითადად, ოქროს ცენტრალური ბანკები, კერძო ინვესტორები და იუველირები ყიდულობენ. ინვესტორების მოთხოვნა პირდაპირაა დამოკიდებული ეკონომიკურ მდგომარეობაზე, იუველირების ქცევა კი ძვირფასი სამკაულების ბაზარზე არსებულ ვითარებასთან არის დაკავშირებული.
ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის ფაქტორი. მოგეხსენებათ, ოქროსა და ამერიკულ დოლარს შორის საპირისპირო მიმართებაა. დოლარის გამყარება ოქროს გაუფასურებას იწვევს, ვალუტის დევალვაცია კი ძვირფასი ოქროს გაძვირებას უწყობს ხელს. თავად დოლარის სიმყარეზე გავლენას არაერთი ფაქტორი ახდენს, მათ შორისაა: გეოპოლიტიკური ვითარება, მონეტარული პოლიტიკა, სავალუტო შემოდინებები, სავაჭრო ბალანსი და ეკონომიკური ზრდა. ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, რეფინანსირების განაკვეთია, რომლის შემცირება ოქროზე პოზიტიურად აისახება.
ამჟამად ოქროს ფასს სწორედ FED-ის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების მოლოდინები განსაზღვრავს.