ქალაქ ნანტის მერიამ სანტა კლაუსს გადასაფრენად საჰაერო სივრცე ოფიციალურად დაუთმო-ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს. დოკუმენტში სანტა კლაუსის გარდა, მითითებულია მისი ირმების სახელებიც: ტორნადო, მოცეკვავე, მრისხანება, ფრინგანტი, კომეტა, კუპიდონი, ჭექა-ქუხილი, ელვა და რუდოლფი. ამით ქალაქის ხელისუფლებას სურს, სანტას საშობაო საჩუქრების დროულად მიწოდებაში დაეხმაროს.
ახლახან ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის საჰაერო თავდაცვის გაერთიანებულმა სარდლობამ (NORAD) გაავრცელა განცხადება, რომ სანტა კლაუსმა თავისი 67-ე მსოფლიო მოგზაურობა დაიწყო, რათა პლანეტის ყველა მცხოვრებს შობა მიულოცოს, ბავშვებს კი საჩუქრები დაურიგოს. გაერთიანებული სარდლობის მიერ სოციალური ქსელით გავრცელებული ცნობით, სანტას მოგზაურობა ახალი ზელანდიიდან დაიწყო, ხოლო მისი გადაადგილების რეალურ დროში ყურება ვებგვერდ www.noradsanta.org-ზე არის შესაძლებელი. თუმცა ამჟამად ვებგვერდის რუკაზე სანტას მოძრაობა არ ჩანს, რადგან როგორც გაერთანებული სარდლობა აცხადებს, სერვისს დროებით ტექნიკური პრობლემა სჭირს და NORAD-ის სპეციალისტები მას მალე მოაგვარებენ. ამასთან, სანტას უსაფრთხო გადაადგილებას აშშ-ისა და კანადის სამხედროები უზრუნველყოფენ.