2022 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 693.4 ათასი გასვლა საზღვარგარეთ. გასვლების უდიდესი ნაწილი, 46.3 პროცენტი, 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა- საქსტატი
„აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 531.8 ათასი შეადგინა, რაც 3.3-ჯერ მეტია 2021 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 287.7 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 94.3 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტების უმრავლესობა, 48.9 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში შემავალი საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ. ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 48.7 პროცენტს შეადგენდა“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
„საქსტატის“ ცნობით, 2022 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (43.7 პროცენტი) განხორციელდა საყიდლების მიზნით.ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 314.5 ათასი და 79.4 ათასი ვიზიტი.
2022 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.3 ღამე შეადგინა. განხორციელებული ვიზიტების 95.7 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 539.4 მილიონ ლარს გაუტოლდა. ვიზიტზე საშუალო ხარჯმა 1 014.1 ლარი შეადგინა“,- „საქსტატი“