გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტულ ვაშლს ხილის გადამმუშავებელი 12 საწარმო იბარებდა შიდა ქართლის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში.
„პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამმუშავებელმა საწარმოებმა 21,700 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს. ფერმერებმა დაახლოებით 7 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს, მათ შორის, სახელმწიფო სუბსიდია 2 მლნ ლარს აღემატება. პროგრამა 15 დეკემბერს დასრულდა.
მინისტრის მოადგილე პროგრამაში ჩართული ერთ-ერთი კომპანიის, შპს „ბიოჯუსის“ საწარმო დაათვალიერა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სუბსიდია 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრს შეადგენდა. პროგრამაში ჩართვა შეეძლო ხილის გადამმუშავებელ ყველა იმ საწარმოს, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდდა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.