საპენსიო სააგენტომ, მოქალაქეებისგან დამოუკიდებლად, მათი საპენსიო დანაზოგები სხვადასხვა რისკის მქონე საინვესტიციო პორტფელებში გადაანაწილა. დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეთა საპენსიო დანაზოგები ამ დროისთვის გადანაწილებულია მაღალრისკიან, საშუალორისკიან და ნაკლებადრისკიან პორტფელებში.
„6 აგვისტოდან საპენსიო სქემის მონაწილეებს მიეცათ 1-თვიანი ვადა [6 სექტემბრის ჩათვლით], რა დროსაც მათ თავად შეეძლებათ აირჩიონ, რომელ პორტფელში მოხდება მათი საპენსიო დანაზოგების ინვესტირება, ხოლო ის მოქალაქეები, რომლებიც თავად არ აირჩევენ სასურველ პორტფელს, ავტომატურად გადანაწილდებიან სხვადასხვა პორტფელში, ასაკის შესაბამისად.“ – საპენსიო სააგენტო.
თუ ზემოთ აღნიშნულ პერიოდში სქემის მონაწილეები არჩევანს არ გააკეთებენ, მათი საპენსიო დანაზოგი, ასაკის მიხედვით, პორტფელებში შემდეგნაირად გადანაწილდება:
- სქემაში გაწევრების მომენტისთვის 40 წლამდე ასაკის მონაწილის საპენსიო აქტივები გადანაწილდება მზარდ [მაღალრისკიან] საინვესტიციო პორტფელში;
- სქემაში გაწევრების მომენტისთვის 40-დან 50 წლამდე ასაკის მონაწილის საპენსიო აქტივები − შერეულ [საშუალორისკიან] საინვესტიციო პორტფელში;
- ხოლო 50 ან 50-ზე მეტი წლის მონაწილის საპენსიო აქტივები − სტაბილურ [ნაკლებადრისკიან] საინვესტიციო პორტფელში.
საინვესტიციო პორტფელის არჩევა სქემის მონაწილეს მისი პირადი ელექტრონული გვერდიდან შეუძლია [my.pensions.ge], ოღონდ ამ შემთხვევაში აუცილებელი იქნება ელექტრონული ხელმოწერა;
ამჯერად თუ საინვესტიციო პორტფელს არ აირჩევთ, თქვენი დანაზოგი დარჩება ავტომატურად [ასაკის მიხედვით] შერჩეულ პორტფელში და მას ერთი წლის განმავლობაში ვეღარ შეცვლით.
„სქემის მონაწილეს საინვესტიციო პორტფელზე არჩევანის გაკეთება 12 თვეში ერთხელ შეეძლება“ – აცხადებენ საპენსიო სააგენტოში. საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი 2018 წლის 6 აგვისტოს ამოქმედდა და კანონის მიღებიდან პირველი 5 წლის განმავლობაში მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგების ინვესტირება ხორციელდებოდა მხოლოდ ნაკლებადრისკიან საინვესტიციო პორტფელში – როგორებიცაა საბანკო ანაბრები და ობლიგაციები.
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით : „იმის გამო, რომ ინვესტიციების უმეტესობა საპროცენტო ინსტრუმენტებში ხდება, ეს პორტფელი სტაბილური მომგებიანობით და შედარებით ნაკლები რისკით ხასიათდება და ამიტომ მას შეიძლება სტაბილური პორტფელი ვუწოდოთ. ეს პორტფელი უკეთ შეეფერება იმ ადამიანებს, ვინც ინვესტიციებში სიფრთხილეს არჩევს და არ უყვარს რისკის აღება. ხშირად ასეთები არიან საპენსიო ასაკთან მიახლოებული ადამიანები, რომლებსაც არ სურთ პენსიაზე გასვლის წინ მათი დანაზოგების ღირებულების მნიშვნელოვანი მერყეობა. მაღალრისკიან პორტფელში დაგროვებული დანაზოგები [განსხვავებით ნაკლებადრისკიანისგან], უმეტესად ინვესტირდება უცხოურ ვალუტაში და გლობალურ აქციებში. ეს პორტფელი გრძელ ვადაში ხასიათდება მაღალი, მზარდი მომგებიანობით, ამიტომ მას შეიძლება მზარდი პორტფელი ვუწოდოთ. აქვე აღსანიშნავია, რომ აქციების ფასის შესაძლო მერყეობის გამო ამ პორტფელს თან ახლავს შედარებით მაღალი რისკიც“
ამ შემთხვევაში აქტივების ძირითადი ნაწილის ინვესტირება საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე, კომპანიების აქციებში მოხდება. გარდა ამისა, პორტფელის 10%-მდე მოცულობის ინვესტირება შესაძლებელია „ალტერნატიული“ აქტივების კლასშიც, რაც მოიცავს მაღალი შემოსავლიანობის მქონე ისეთ აქტივებს, როგორებიცაა საინვესტიციო ფონდები [კერძო კაპიტალის საინვესტიციო ფონდები, ვენჩურული კაპიტალის საინვესტიციო ფონდები], პირდაპირი სესხები და სხვა.
ეს პორტფელი უკეთ შეეფერებათ ისეთ ადამიანებს, ვისაც უყვართ რისკის აღება და ამის ხარჯზე სურთ მაღალი მოგების მიღება გრძელ ვადაში. ასეთები ხშირად არიან ახალგაზრდები, რომელთაც საპენსიო ასაკამდე რამდენიმე ათწლეული აშორებს“ – მიიჩნევენ საპენსიო სააგენტოში.
მსოფლიო კრიზისები უახლეს ისტორიაშიც გვქონდა, COVID-19-ის კრიზისი ან 2008 წლის ფინანსური კრიზისი, რა დროსაც მსოფლიო ფინანსურ ბირჟებზე მნიშვნელოვანი რყევები დაფიქსირდა და ბევრმა ინვესტორმა საკმაოდ დიდი ზარალი ნახა. თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში მსგავსი რყევები, როგორც წესი, არ ნარჩუნდება და საფონდო ბირჟებიც სტაბილური ზრდის ტრენდს უბრუნდება.“
რაც შეეხება საშუალორისკიან პორტფელს, ის ზემოთ აღნიშნული ორი პორტფელის ნაზავია, „შესაბამისად მას შერეული პორტფელი შეგვიძლია ვუწოდოთ. შერეულ პორტფელში უცხოური აქტივების წილი 40%-მდე შეიძლება გაიზარდოს, რაც სტაბილურ პორტფელზე მაღალია, თუმცა მზარდ პორტფელზე დაბალი. ამასთან, შერეულ პორტფელშიც შესაძლებელი იქნება „ალტერნატიული“ აქტივების კლასში ინვესტირება.“ – აცხადებს სააგენტო.
„2023 წელს საინვესტიციო საბჭოს მიერ ჩამოყალიბებული აქტივების განთავსების განახლებული სტრატეგიის მიხედვით მზარდი ანუ მაღალრისკიანი პორტფელისთვის განისაზღვრა შემდეგნაირი სამიზნე, ანუ სტრატეგიული ბენჩმარკ პორტფელი: პორტფელის 55%-მდე ინვესტირება განხორციელდება გლობალურ აქციებში, სახაზინო ობლიგაციების სამიზნე მაჩვენებელი 20%-ია, ხოლო ლარში დენომინირებულ დეპოზიტებსა და სადეპოზიტო სერტიფიკატების მიზნობრივი მაჩვენებელი – 25%-ია.
გლობალური აქციების ბენჩმარკად განისაზღვრა აქციების თანაბრად შეწონილი ინდექსი, რომელიც 4 სხვადასხვა აქციის ფონდისგან (Exchange Trade Fund (ETF)) იქნება დაკომპლექტებული, ესენია: Vanguard FTSE Pacific ETF (კოდი VPL), Vanguard FTSE Europe ETF (კოდი VGK), SPDR S&P500 ETF (კოდი SPY), iShares MSCI Emerging Markets ETF (კოდი EEM).“ – აცხადებს საპენსიო სააგენტო.
საპენსიო სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით:
- საინვესტიციო პორტფელის 2023 წლის ივლისის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა ფონდის გაშვებიდან [2019 წლის 1-ელი იანვარი] 2023 წლის ივლისის ჩათვლით 51.2%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა [ინფლაციის გათვალისწინებით] იმავე პერიოდში 11.7% შეადგინა.
- 2023 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულებამ 3.76 მილიარდი ლარი შეადგინა. აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 680 მილიონი ლარია.
- 31 ივლისის მდგომარეობით საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 426 ათასი ადამიანია. ამ დროისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 4 811-მა პირმა, ხოლო პენსიის სახით გაცემული თანხა 12 340 873 ლარს შეადგენს.