2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ახალი ატმისა და ნექტარინების ექსპორტი გაიზარდა. 2022 წლის პირველ ექვს თვის მონაცემებით, ექსპორტის მკვეთრი შემცირების შემდეგ ადგილობრივად წარმოებული აგროპროდუქტის ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაყიდვების მაჩვენებელი მზარდია. [თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წელს ექსპორტი რეკორდული იყო და 30.4 მლნ დოლარს შეადგენდა].
2024 წლის 6 თვის სტატისტიკის მონაცემებით, საქართველომ 2 537 ტონა ატმის ექსპორტით 2 მილიონ 748 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 92.9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
საქართველოში ატმის ექსპორტი მოსავლის აღებასთან ერთად აქტიურდება. პროცესი მაისიდან იწყება და ზაფხულის თვეებში იზრდება. ექსპორტის დიდი ნაწილი ივნისზე მოდის.
იანვარ-ივნისში რუსეთში ჯამში 2 მილიონ 448 ათასი დოლარის ღირებულების 2 140 ტონა ატამი და ნექტარინები გაიყიდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით თითქმის გაორმაგებული მაჩვენებელია.
მეორე ქვეყანა, სადაც ატმის ექსპორტი განხორციელდა, სომხეთია. მეზობელ ქვეყანაში ჯამში 300 ათასი დოლარის 396 ტონა ატამი გავიტანეთ.
საქართველოში 2024 წლის პირველ ექვს თვეში ატმის იმპორტიც გაიზარდა. ამ პერიოდისთვის ქვეყანაში 482 ათასი დოლარის ღირებულების 948 ტონა ატამი შემოვიდა, მაშინ როდესაც 2023 წლის 6 თვეში იმპორტირებული 551 ტონა ატმის ღირებულება 147 ათას დოლარს არ აღემატებოდა.
საქართველო ატამს ორი ქვეყნიდან ყიდულობს. თურქეთიდან წელს 480 ათასი დოლარის 947 ტონა ატამი შევიძინეთ, ნიდერლანდებიდან კი მცირე რაოდენობა მხოლოდ 2 ათასი დოლარის 0.4 ტონა ატამი შემოვიდა.