ბოლო 3 წელიწადში საქართველოში კატალიზატორების ექსპორტი (ღირებულებით ნაწილში) 13 557%-ით ანუ 136-ჯერ აღემატება იმპორტს.
შემოსავლების სამსახურის მონაცემებიდან ჩანს, 2020 წლიდან მოყოლებული 2023 წლის აპრილის ჩათვლით პერიოდში საქართველოში 477 617 დოლარის ღირებულების 21 192 კატალიზატორი შემოვიდა, მაშინ როცა, ამავე საანგარიშო პერიოდში კატალიზატორების ექსპორტმა 286 373 ცალი შეადგინა, რაც ღირებულებით ნაწილში – 65 228 454 აშშ დოლარია.
შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2015 წლიდან მოყოლებული 2023 წლის აპრილის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან ექსპორტზე 97 776 545 აშშ დოლარის ღირებულების, 701 440 კატალიზატორი გავიდა
ავტოიმპორტიორთა ასოციაციის დამფუძნებლის ალექსი ნონიაძის განცხადებით კატალიზატორების ავტომობილიდან მოხსნის და ქვეყნიდან ექსპორტის გაზრდილი მაჩვენებელი რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული, მთავარი კი ისაა, რომ აქამდე ეკოლოგიური სტანდარტები არ იყო დაცული ქვეყანაში.
„ჩვენთან რეგისტრირებული 1.5 მლნ ავტომობილიდან 90%-ზე მეტი 20 წელზე მეტის არის, თუმცა, იქიდან გამომდინარე რომ ეკოლოგიური სტანდარტები არ იყო დაცული და ყურადღება არ ექცეოდა კატალიზატორებს, შედეგად მივიღეთ ის სურათი, რომ კატალიზატორებს ხსნიდნენ და ყიდდნენ სხვა ქვეყანაში. იმ ავტომობილებში, რომელსაც ამოჭრილი აქვს კატალიზატორი, მისი უკან დაბრუნება ძალიან ძნელია. მართალია უკვე გაჩნდა ისეთი მომსახურებები, რომელიც სოლიდური თანხის სანაცვლოდ სთავაზობს მომხმარებელს ამოჭრილი კატალიზატორის ისევ მონტაჟს ავტომობილში, თუმცა გარანტიას ვერ გაძლევენ, რომ ასეთი ჩარევის შემდეგ ეს ავტომობილი გაივლის ტექნიკურ ინსპექტირებას გამონაბოლქვზე. გამოდის, რომ ფაქტობრივად კატალიზატორი მაინც არ აქვს ავტომობილს,“- აღნიშნა ნონიაძემ.