„საქართველოს კაპიტალის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, ნიკოლოზ გამყრელიძის განცხადებით, ჰოლდინგის საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 400 მლნ დოლარია.
როგორც მან გადაცემა „ანალიტიკაში“ აღნიშნა, „საქართველოს კაპიტალი“ დღეს არამარტო საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში რეალურ ეკონომიკაში არის ერთადერთი კომპანია, რომელიც საერთაშორისო ბირჟაზეა.
„ეს არის კომპანია, რომელიც ინვესტირებას აკეთებს ფრაგმენტულ სექტორებში, რომელთა კონსოლიდაცია და ინსტიტუციონალიზაცია, შემდეგ კი მონეტიზაციაა შესაძლებელი. ვართ ჯანდაცვაში, დაზღვევაში, ფარმაციაში, განათლებაში, ენერგეტიკაში, ღვინის და ლუდის სექტორსა და უძრავ ქონებაში. ჩვენი ღირებულებები და ხედვა რომ ინსტიტუციონალიზაციას ვუწყობთ ხელს, არ იცვლება. მაგრამ სტრატეგია ბუნებრივია გარემოდან გამომდინარე უნდა ცვალო. გარემო კიდევ ბოლო რამდენიმე წელიწადში ძალიან ცვალებადი იყო მთელ მსოფლიოშიც, ამიტომაც ამან გამოიწვია ის, რომ ჩვენც გადავხედეთ აქა-იქ ჩვენს მიმართულებებს“, – განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ, რომელიც 2023 წლიდან ჰოლდინგის CEO-ს თანამდებობას დაიკავებს.
აღსანიშნავია, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 9 მაისს ინვესტორებისთვის განთავსებულ განცხადებაში წერია, რომ “საქართველოს კაპიტალს” 2022 წლიდან მოყოლებული განახლებული სტრატეგია ექნება. “საქართველოს კაპიტალი” აქცენტს გააკეთებს ნაკლებად კაპიტალტევად ინვესტიციებზე, განაახლებს კაპიტალის მენეჯმენტის ჩარჩოს და საკუთარ სტრატეგიას დააფუძნებს ESG სტანდარტებს.
საქართველოს კაპიტალი აპირებს მეტად აითვისოს რეგიონული ზრდის შესაძლებლობები, როგორც ეს მოხდა მაგალითად რიტეილ ფარმა სექტორის მსგავსად სომხეთის შემთხვევაში.