საქართველოს ფოსტამ როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივ გზავნილებზე ტარიფები გაზარდა, რის გამოც მცირე მეწარმეების ნაწილი თანამშრომლობის შეწყვეტას აპირებს.
როგორც ადგილობრივი ბიზნესის ნაწილი აცხადებს, ფოსტამ საერთოდ გააუქმა 6-ლარიანი მარტივი გზავნილი. ამასთან, ფილიალში ამანათის მიტანის საფასური 14 ლარი, ხოლო მისამართზე მიტანის – 19 ლარი გახდა.
საქართველოს მასშტაბით, 2 კილოგრამამდე ამანათის მისამართზე მიტანის განახლებული ტარიფი 19 ლარია, რაც აქამდე არსებულს (8.5 ლარი) 124%-ით აღემატება. გაიზრდილია ამანათის ფოსტის სერვის ცენტრიდან გატანის საფასურიც და ის ახლა 14 ლარია. ასევე, გაუქმდა მცირე პაკეტები და შესაბამისად, მინიმალური თანხა რომლის სანაცვლოდაც მომხმარებელი ამანათის გაგზავნას შეძლებს, 14 ლარია.
გაძვირებულია საერთაშორისო ტარიფებიც – მაგალითად, აშშ-ის მიმართულებით 1 კგ ამანათის საჰაერო გზით გაგზავნის ტარიფი 23 ლარით გაიზარდა და 185 ლარს შეადგენს. საბერძნეთის, პოლონეთის, იტალიის, თურქეთის მიმართულებით კი ახალი ტარიფი 152 ლარია.