“ლიბერთი ბანკის” მიერ ეროვნულ ბანკში წარდგენილი ანგარიშიდან ირკვევა, რომ საქართველოში 354 ათას პენსიონერს და სოც. შემწეობის მიმღებს საპენსიო სესხი აქვს აღებული. ეს სხვადასხვა სოციალური დახმარებების მიმღები მოსახლეობის ⅓-ზე მეტია. ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ ერთი საპენსიო სესხის საშუალო ზომა 1,132 ლარია.
მესამე კვარტალში საპენსიო სესხების მთლიანი პორტფელი 1 მილიონი ლარით შემცირდა და მან 401 მილიონ ლარს მიაღწია. ეს მთლიანად ლიბერთი ბანკის საკრედიტო პორტფელის 2.6 მილიარდი ლარის 15.5%-ია.
მესამე კვარტალის განმავლობაში გაცემული საპენსიო სესხების საშუალო შეწონილი ნომინალური საპროცენტო განაკვეთი 29.4%-ს შეადგენდა. სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ამ კრედიტების საშუალო ეფექტური განაკვეთი წინა წელთან შედარებით 5.5 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.
2022 წლის მაისში “ლიბერთი ბანკმა” სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში კიდევ ერთხელ გაიმარჯვა და მომდევნო 7 წლით პენსიების გაცემის უფლება მოიპოვა. ამ სერვისში ბანკი სახელმწიფოსგან წელიწადში 15 მილიონ ლარს, ანუ ჯამში 105 მილიონ ლარს მიიღებს.
მაჩვენებელი მოიცავს როგორც ასაკით პენსიონერთა, ისე სოციალური პენსიების მიმღებთა მაჩვენებელს.