2024 წელს, 3 თვეში საქართველოში ჯამში, 32,204 ერთეული 486,575 მლნ აშშ დოლარის ავტომობილი შემოვიდა, საიდანაც ჩინეთზე 1,7% მოდის. საქსტატის მონაცემებით,აღნიშნულ პერიოდში 547 ერთეული (7,824 მლნ აშშ დოლარი) ჩინური ავტომობილი შემოვიდა.
2024 წელს, 3 თვის მონაცემებით, გასული წლების ანალოგიური პერიოდთან შედარებით, ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა. შედარებისთვის, 2023 წლის იანვარ-მარტში, საქართველოში ჩინეთიდან 511 ერთეული მანქანა შემოვიდა, 2022 წლის 3 თვეში – 148 ერთეული, 2021 წლის იგივე საანგარიშო პერიოდში 514 ერთეული, 2020 წლის იანვარ-მარტში – 115 ერთეული, 2019 წლის 3 თვეში – 17 ერთეული და ა.შ.
საქსტატის მონაცემებით, წელს ჩინეთიდან იმპორტირებული ავტომობილების საშუალო ღირებულება დაახლოებით, 14,3 ათასი აშშ დოლარია. ფასი დაანგარიშებულია საშუალო მაჩვენებლით, შესაბამისად, ჩინური ავტომობილის იმპორტი მარკისა და მოდელის შესაბამისად, შესაძლოა, 14 ათას აშშ დოლარზე ნაკლები, ან მეტი დაჯდეს.
ინფორმაციისთვის: ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს. როგორც ჩინეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ჭოუ ციენმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჩინური მანქანების ბაზრობა, სავარაუდოდ, ქუთაისში გაიხსნება. “ბევრი ჩინური კომპანიაა საქართველოში ინვესტიციებით დაინტერესებული. იგეგმება, რომ მოეწყოს მანქანების ბაზრობა საქართველოში, ჩინეთიდან შემოტანილი ავტომობილების. შეიძლება ეს ბაზრობა ქუთაისში განთავსდეს. კიდევ მრავალი ინვესტიცია და გეგმა არსებობს სხვადასხვა ჩინური კომპანიების, რომლებიც საქართველოში ჩინური ინვესტიციებით არიან დაინტერესებულები. ვფიქრობ, რომ ეს ბაზრობა მალე იქნება. ჯერჯერობით, ზუსტი თარიღი არ ვიცით, მიმდინარე წელს წესით უნდა იყოს”, – განაცხადა ჭოუ ციენმა.