2023 წლის იანვარ-მარტში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომპიუტერული დანაშაული 4.9%-ით ანუ 12 შემთხვევით არის გაზრდილი. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული.
უწყების მონაცემებით, მიმდინარე წლის 1-ელ 3 თვეში კომპიუტერული დანაშაულის 257 ფაქტი დაფიქსირდა. აქედან, გაიხსნა 109 შემთხვევა და გახსნის მაჩვენებელი 42.41%-ია.
2022 წლის იანვარ-მარტში კი რეგისტრირებული იყო 245 შემთხვევა, აქედან, გახსნილია 84 საქმე და გახსნის მაჩვენებელი შესაბამისად, 34.29% იყო.
შს სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის 1-ელ კვარტალში 46.43%-ით შემცირდა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტები; 100%-ით -კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენების შემთხვევები. კომპიუტერულ დანაშაულებს შორის გაზრდილია მხოლოდ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფის ფაქტები. წლიურად ზრდა 12.21%-ია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, კიბერდანაშაულად მიჩნეულია მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მოიცავს იმავე კოდექსის 284-ე, 285-ე და 286-ე მუხლების დისპოზიციაში მოყვანილ ერთ-ერთ კომპონენტს მაინც და არა ნებისმიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას ჩადენილს კომპიუტერული სისტემის გამოყენებით. მაგალითად, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა (284მ.), კომპიუტერულ სისტემაში შეღწევისათვის საჭირო პაროლის ან დაშვების კოდის უნებართვო გავრცელება (285მ.), კომიუტერული მონაცემის უნებართვო დაზიანება (286მ.) და სხვა. ამასთან, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს დანაშაულთა (მუხლთა) ერთობლიობასაც. კერძოდ, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და შემდგომ სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებას (სსკ-ის 284-ე და 177-ე მუხლები).