2022-23 წლების აგვისტოდან თებერვლამდე სეზონზე ახალი მარწყვის იმპორტმა შარშანდელზე 44%-ით მეტი, ანუ 750 ტონა შეადგინა, მაშინ, როცა 2021-2022 წლების იმავე პერიოდში იმპორტის მთლიანი მოცულობა მხოლოდ 250 ტონამდე იყო.
ბოლო 9 წლის აღნიშნულ თვეებთან შედარებით, მარწყვის იმპორტი ერთ წელიწადში, დაახლოებით, 85 ტონით გაიზარდა. იმპორტირებული პროდუქტის 82% ახალი, ხოლო დანარჩენი გაყინული მარწყვი იყო. EastFruit-ის შეფასებით, გაყინული მარწყვის იმპორტი უფრო შემთხვევითი და არასტაბილურია, ხოლო ახალი მარწყვის იმპორტი სტაბილურ ზრდას აჩვენებს.
მიმდინარე წლის თებერვალში ქვეყანაში 260 ტონა ახალი მარწყვი კგ-ზე 0,26 დოლარად (0,66 ლარად) შევიდა, ხოლო გაყინული მარწყვის იმპორტი იმავე თვეში არ განხორვიელებულა. ბოლოს გაყინული დამტკბარი მარწყვი ქვეყანაში იანვარში შეიტანეს, რომლის მოცულობამ 100 ტონა შეადგინა. იმპორტი კგ-ზე 0,45 დოლარად (1,15 ლარად) განხორციელდა, რაც ახალი მარწყვის იანვრის საიმპორტო ფასზე 0,16 დოლარით (0,41 ლარით) მეტია. გაყინული მარწყვი, ჩვეულებრივ, ჯემის საწარმოო ნედლეულად გამოიყენება.
საქართველოში მარწყვის წარმოების პიკი მაისსა და ივნისშია, რის შემდეგაც ადგილობრივი მიწოდება სწრაფად იკლებს. თუმცა იმპორტის ზრდას ადგილობრივი წარმოების ვარდნასა და ჰორეკა (hotel/restaurant/café) სექტორის, ასევე, სუპერმარკეტების ქსელის ზრდას უკავშირებენ. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2016-2017 წლებში საქართველოში 5,3 ათასი ტონა მარწყვი იწარმოებოდა, ხოლო მომდევნო 4 წელიწადში (2018-2021) მთლიანმა მოცულობამ მხოლოდ 5,0 ათასი ტონა შეადგინა.