სურსათის ფასების მიმოხილვის მიხედვით, საქართველოში სურსათის ფასები მეზობელ სომხეთზე სწრაფად იზრდება – Galt & Taggart
საინვესტიციო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში აღნიშნულია,რომ ბოლო პერიოდში გაძვირებული სურსათი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია. FAO-ს მონაცემებით, მსოფლიო ბაზარზე უკვე მეათე თვეა სურსათის ფასები თვიდან-თვემდე კლებულობს, მსოფლიო ბანკის მონაცემებით კი კლება ან უმნიშვნელო ზრდა ფიქსირდება.
მიმოხილვის ავტორები ამბობენ, რომ პოზიტიურია, რომ საქართველოში 2022 წლის ოქტომბრიდან ინფლაციის შენელების ტენდენცია გვაქვს, რომელიც 2023 წლის იანვარში 2022 წლის იანვრის პიკური 13.9%-დან 9.4%-მდე შენელდა. სურსათის ფასებშიც ფიქსირდება შენელება, მაგრამ არა იმ ტემპით, რაც მსოფლიო ბაზარზე ან სხვა სასაქონლო ჯგუფებშია საქართველოში (მაგალითად საწვავი).
„ზოგადად, საქართველოში ჯამური ინფლაციის დონეზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის ფასებს აქვს, რადგან მთლიანი ინფლაციის დაანგარიშებაში სურსათს სამომხმარებლო კალათის მესამედი უჭრავს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში სურსათის ფასები ორნიშნა ტემპით 2021 წლის ივლისიდან იზრდება. ამასთან, იგივე ორნიშნა ზრდა დაფიქსირდა მეზობელ სომხეთშიც, თუმცა ფასების ზრდის ტემპი იქ უფრო ნაკლები იყო და სახეზეა მნიშვნელოვანი შენელებაც. მაგალითად, მიმდინარე წლის იანვარში სომხეთში სურსათის ფასები 9.4%-ით გაიზარდა, მაშინ როცა საქართველოში ზრდამ 15.0% შეადგინა“, – ნათქვამია Galt & Taggart-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Galt & Taggart-მა ქვეყანაში სურსათო პროდუქტები შეისწავლა და 7 ძირითადი პროდუქტი გამოყო, რომელზეც ფასები კვლავ მაღალი რჩება და ყველაზე დიდი წვლილი აქვს მთლიან ინფლაციაში, როგორც მიმდინარე წლის იანვარში, ისე ბოლო 6 თვეში. ეს პროდუქტებია:
„ჩვენი მოლოდინია, რომ მსოფლიო ბაზარზე ფასების შემცირების და ლარის გამყარების კვალდაკვალ საქართველოში სურსათის ფასების ზრდის ტემპი შენელდება. ამ კუთხით დამატებით აღსანიშნავია მთავრობის მიერ დაანონსებული კანონპროექტი, რომელიც სასურსათო ნედლეულის პირველად მწარმოებლებს, დისტრიბუტორებსა და სავაჭრო ქსელებს შორის ურთიერთობებს მოაწესრიგებს ევროკავშირის დირექტივის მიხედვით“, – ამბობენ მიმოხილვის ავტორები.