ქართველი მომხმარებლებისთვის ტყის სოკოს ონლაინ მაღაზია, boletto.ge გაიხსნა.Boletto კომპანია Georgian Freeze Tea-ს ერთ-ერთი ბრენდია, რომლის დამფუძნებელიც კომპანია Caucasan-ია.
Caucasan მრავალი წელია, სამკურნალო და სუნელ-სანელებელი მცენარეების, ტყის სოკოებისა და ველური კენკრის შეგროვებას, გადამუშავებასა და ექსპორტს ეწევა. კომპანიის სამკურნალო მცენარეებისა და ველური კენკრის საექსპორტო ბაზრის გეოგრაფია ევროკავშირის ქვეყნებს, აშშ-ს, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიას მოიცავს.
ონლაინ მაღაზიაში ტყის სოკოს ფასები კილოგრამზე 40-დან 160 ლარამდე (15,1-დან 60,4 დოლარამდე) მერყეობს. მაღალ ფასში უფრო ხმელი „ხარისფაშვა“ იყიდება, ხოლო 40 ლარიდან კუბებად დაჭრილი „დათვის სოკოს“ ღირებულება იწყება.
Freeze Tea-ს ცნობით, ტყის სოკო ონლაინ მაღაზიაში მთელი წლის განმავლობაში გაიყიდება, სადაც სეზონზე ახალი, დანარჩენ დროს კი, ძირითადად, შოკური გაყინვით დამუშავებული პროდუქტის სახით იქნება წარმოდგენილი. ამ ეტაპზე მომხმარებლისთვის შეთავაზებულ ასორტიმენტში შედის საქართველოში განსაკუთრებით პოპულარული ნიყვი, ანუ „კეისრის სოკო“ (Caesar’s Mushroom), „დათვის სოკო“ (Boletus edulis) და „მელისყურა“ (Cantharellus – cibarius), რომლებიც მთლიანი ან კუბებად დაჭრილი და გაყინული სახით იყიდება. ასევე, წარმოდგენილია ხმელი „საჭმელი ხარისფაშვა“ (Morchella esculenta).
EastFruit-ის ცნობით, პროდუქცია ხარაგაულის რაიონში მდებარე საწარმოში იწარმოება, რომელიც შოკური გაყინვის ბლოკით არის აღჭურვილი. სოკო, ძირითადად, მთიან რაიონებში, გზებისა და დასახლებული პუნქტებისგან მოშორებით მდებარე ეკოლოგიურად სუფთა ტყეებში გროვდება. სოკოს შეგროვება-გადამუშავებაზე სპეციალურად მომზადებული პერსონალი არის დასაქმებული. საწარმოში სოკო შეგროვების პუნქტებიდან გადააქვთ.
სამომავლოდ კომპანია ტყის სოკოზე ორგანული სერტიფიკატის მოპოვებას გეგმავს.