კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის კახა შენგელიას განცხადებით, ახალი აკადემიური სასწავლო წლისთვის საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა 35 000-მდე გაიზრდება.
მისი თქმით, საქართველოში უმაღლესი განათლების მიღებით ინდოელი, სუდანელი და სხვა რეგიონების ქვეყნებიდან სტუდენტები ინტერესდებიან და ეს ინტერესი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საგანმანათლებლო სივრცეში რუსეთისა და უკრაინის უმაღლესი სასწავლებლების გათიშვამ გამოიწვია.
„დღეისთვის უცხოელი სტუდენტების რაოდენობა საქართველოში 35 000-ზე ავიდა და ყველა უნივერსიტეტს, რომელსაც უცხოელი სტუდენტები ჰყავს, შემოსავალი გაეზარდა.
ახალი სასწავლო წლისთვის ქვეყანაში 35 000 უცხოელი სტუდენტია, რაც გასული წლის მაჩვენებელს 15%-ით აღემატება. საქართველო რეალურად რეგიონში საგანმანათლებლო ჰაბი გახდა, რაც უკრაინაში ომის დაწყებით არის განპირობებული.
ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა უნდათ ინდოელ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და დასავლეთ აზიელ, აფრიკელ სტუდენტებს, მათ შორის წელს ძალიან ბევრი სუდანელი ჩამოვა, რადგან სუდანში სამოქალაქო ომია და ბავშვების ძალიან დიდი ნაწილი ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში გადმოინაცვლებს“, – აღნიშნა კახა შენგელიამ.