აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარდგენილი „საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება“ განიხილეს.
პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველოსთვის 10-მილიონიანი ბაზარი გაიხსნება. საქართველოსთვის აღნიშნული შეთანხმების დადება „შედეგიანი იქნება“ სატარიფო დათმობების კუთხითაც.
„არაბთა გაერთიანებული საამიროების მხრიდან ბაზარი გაიხსნა და საქართველოდან ემირატებში ექსპორტისას ტარიფის გარეშე, ნულოვანი დაბეგვრით შევა ქართული პროდუქციის 97.5%. შესაბამისად, გამონაკლისებში რჩება მხოლოდ 2.5%. საქართველოს მხრიდან ტარიფები შენარჩუნდა 4.5%-ზე. ამასთან, ქართულმა მხარემ გამონაკლისებში დაიტოვა, როგორც პირველადი, ასევე, გადამუშავებული პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი. წარმოდგენილი შეთანხმება საშუალებას მისცემს საქართველოში არსებულ საწარმოებს, რომ საკუთარი პროდუქტი სატარიფო და არასატარიფო ბარიერების გარეშე ხელმისაწვდომი გახადონ დამატებითი სამომხმარებლო ბაზრისათვის, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ქვეყანაში დასაქმების გაზრდას. ასევე მნიშვნელოვნად წაახალისებს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლას“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ.