საქართველოს საერთაშორისო რეზერვები ერთ წელიწადში 1,306 მლრდ დოლარით გაიზარდა. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის 30 აპრილისთვის მთლიანმა რეზერვებმა 5,133 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 129,5 მლნ დოლარით მეტია მიმდინარე წლის მარტის მაჩვენებელთან შედარებით. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი რეზერვები 1,306 მლრდ დოლარით გაიზარდა.
უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის ძირითად რეზერვს წარმოადგენს და 2023 წლის 30 აპრილისთვის ეს ნაწილი 4,661 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს – აღნიშნულია რეგულატორის ვებ-გვერდზე. მის სტრუქტურაში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია ფასიან ქაღალდებში – 3,177 მლრდ დოლარი და ვალუტა, რომელიც ინახება უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ანგარიშებზე – 1,484 მლრდ დოლარი.
ეროვნული ბანკი სახსრებს ოქროს სახით არ ინახავს.