საწვავი 10-15 თეთრით გაიაფდება- „სენტა ოილის“ დამფუძნებელი, ზაალ იაკობიძე
იაკობიძის თქმით, ბოლო 2 კვირაა მსოფლიო ბაზარზე „პლატსის“ მიხედვით, ფასი მცირდება, რაც ადგილობრივ საბითუმო ბაზარზე უკვე აისახა, საცალო გაყიდვებში კი მომდევნო 2 კვირაში აისახება.
„საწვავის ფასი „პლატსის“ მიხედვით, 1-თვიან ჭრილში შეიძლება გაზრდილი იყოს, მაგრამ ბოლო 2 კვირაა იაფდება. შესაბამისად, ფასების კლება საქართველოშიც უკვე დაწყებულია. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ახალი ამბავია, ეს ძირითადად შეეხო საბითუმო ბაზარს, სადაც დაახლოებით 10-15 თეთრით არის გაიაფებული. რაც შეეხება საცალო გაყიდვებს, აქაც უკვე სადღაც 2 კვირაში აისახება და საწვავი 10-15 თეთრით გაიაფდება“,- ამბობს ზაალ იაკობიძე.
ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო ერთი თვის განმავლობაში ბენზინის ღირებულება 6-იდან 20 თეთრამდე გაიზარდა. ფასის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, სავარაუდოდ, „პლატსის“ გაძვირება გახდა, კერძოდ, აპრილში „პლატსის“ ფასი ტონა საწვავზე 927 დოლარს შეადგენდა, მაშინ როცა მარტში 881.1 დოლარი ღირდა.