HBO – ძნელია, ამ სახელის გაგონებაზე, მისი ქუდი არ გაგახსენდეს, რომელიც საყვარელი სერიების დასაწყისში გამოდის ხოლმე. დღესდღეობით, მისი გამომწერების რაოდენობა 140 მილიონს აჭარბებს და ყოველი მესამე ამერიკული ოჯახის ყოველდღიურობის ნაწილია. HBO ასე იშიფრება – Home Box Office. კომპანია ბაზარზე 1972 წელს გამოჩნდა. დღეს, მის სახელს არაერთი ტელესერიალი უკავშირდება – „სამეფო კარის თამაშები“, „სოპრანოზ კლანი“, „ოზი“ და სხვები. არხმა ინოვაციური პროგრამებითა და ხარისხიანი კონტენტით გაითქვა სახელი. ამჯერად, კი, მის წარსულს გადავავლოთ თვალი.
კომპანიის დაფუძნება ჩარლზ დოლანის სახელს უკავშირდება. იმ დროისთვის, საკაბელო ტელევიზია პოპულარობით არ სარგებლობდა. ჩარლზი კი მიიჩნევდა, რომ სავსებით შესაძლებელი იყო, ამ მიმართულებას პერსპექტივა ჰქონოდა, განვითარებულიყო ბაზარი პრემიუმ-კლასის საკაბელო ტელევიზიისთვის, რომელიც ფილმებსა და სპორტულ ღონისძიებებს გაუშვებდა ეთერში. პირველი ინვესტიცია დოლანმა კორპორაცია Time-ისგან მიიღო, რის შემდეგაც პროექტს სახელად შეურჩია Home Box Office.
1970-იანი წლების დასაწყისში სატელიტური ტექნოლოგიები არასაიმედოდ მიიჩნეოდა. ამიტომ, HBO-მ მაუწყებლობა მიკროტალღების საშუალებით დაიწყო. თუმცა, რაკი სატელიტური კავშირი ბევრად ფართო დაფარვას, მნიშვნელოვნად იაფად უზრუნველყოფდა, HBO-ც ამ მიმართულებით წავიდა. 1977 წლისთვის, სერვისს 600 000 ოჯახზე მეტი გამომწერი ჰყავდა.
მიუხედავად იმისა, რომ HBO სერიალებზე წლების განმავლობაში მუშაობდა, მისი არცერთი ტელეშოუ არ ყოფილა ნომინირებული Emmy-ის Best Drama Series კატეგორიაში. სიტუაცია მკვეთრად შეცვალა ერთ-ერთი პროექტის გამოსვლამ – მის შესახებ თქვენც გემახსოვრებათ – „სოპრანოს კლანი“. მაფიოზურმა სერიალმა პირველსავე სეზონში 16 ნომინაცია მოუტანა ტელეარხს. მთელი ტელეშოუს მანძილზე, 2007 წლამდე, 112-ჯერ იყო ნომინირებული, ხოლო გამარჯვება 21-ჯერ მოიპოვა.
დღესდღეობით, HBO-ს ღირებულება $10 მილიარდს აღემატება და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად გასართობ არხად მიიჩნევა.
წყარო : მარკეტერი