ეროვნული ბანკის თვის მიმოხილვის მიხედვით, მაისში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 19%-ით, ხოლო წინა თვესთან შედარებით 0.6%-ით გაიზარდა.
სებ-ის განმარტებით, სესხების ზრდის ტემპის მატება როგორც ეროვნული, ისე უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდამ განაპირობა. უფრო კონკრეტულად, მაისში, ეროვნული ვალუტით დაკრედიტების ზრდის ტემპი 21.1%-მდე გაიზარდა და მთლიანი სესხების ზრდაში 11.7%-იანი წვლილი შეადგინა.
„უცხოური ვალუტით დაკრედიტება (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით) წლიურად 16.4%-ით, 25.7 მლრდ ლარამდე გაიზარდა და მთლიანი სესხების ზრდაში 7.3%-იანი წვლილი შეიტანა. უცხოური ვალუტით დაკრედიტების აჩქარება ბიზნესის სესხების ზრდას უკავშირდება. ბიზნესის სესხების წვლილი დაკრედიტების ზრდაში 11.5%-ია. იპოთეკური სესხების წვლილმა მთლიანი სესხების ზრდაში 2.1 პროცენტული პუნქტი შეადგინა“, – ვკითხულობთ სებ-ის ანგარიშში.
მაისში, სესხების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი, თვიურად 0.1%-ით გაიზარდა და 13% შეადგინა. ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.2%-ით, 14.7%-მდე შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი 0.1%-ით, 8.9%-მდე გაიზარდა.