ღვინის ჭეშმარიტო მოყვარულებო (და არა მხოლოდ), მონიშნეთ „შატო ატენი“ აუცილებლად მოსანახულებელი ადგილების სიაში ქართლის რეგიონში მოგზაურობისას. გორიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალზე თქვენ აღმოაჩენთ ისეთ გარემოს, როგორიც ნამდვილ ხარისხიან ღვინოსა და ჭაჭას ეკადრება – მრავალფეროვანი მარანი, ლამაზი ეზო და უგემრიელესი კერძები ისე მოგაჯადოვებთ, უკან დაბრუნება აღარ მოგინდებათ.
ქართლის რეგიონის სიყვარულითა და განვითარების სურვილით სოსო ვანიშვილმა შექმნა საოჯახო მეღვინეობა შატო ატენი, რომელიც თავიდან ბოლომდე მის მშობლიურ რეგიონს მიუძღვნა, მისი სამომავლო გეგმებიც მხოლოდ ქართლს უკავშირდება. სოსო თვითნასწავლი მეღვინეა, რომელმაც არაერთი წელიწადი ღვინის პროფესიონალურად შესწავლაში გაატარა.