ადამიანის იდენტიფიცირებისთვის ფიზიოლოგიური მახასიათებლების გაზომვის, ანუ ბიომეტრიის გამოყენებამ, მობილური მოწყობილობებთან ჩვენი ურთიერთობა საგრძნობლად გაამარტივა. ეს პაროლის სახის სკანირებითა და თითის ანაბეჭდით ჩანაცვლებით მოხერხდა. თუმცა, არსებობს მობილურთან ფიზიკური ურთიერთქმედების რაიმე სხვა გზა, რაც ამ მოწყობილობების გამოყენებას გაამარტივებდა? მკვლევრები იაპონიიდან ამას სმარტფონის წინა კამერიდან, თვალის გუგის ანარეკლის დახმარებით აპირებენ.
კეიოს უნივერსიტეტის, Yahoo Japan-ისა და ტოკიოს ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მკვლევრებმა ახალ გზას მიაკვლიეს, რომლის საშუალებითაც თვალის გუგის ანარეკლიდან წინა კამერა დააფიქსირებს, თუ როგორ უჭირავს მომხმარებელს მოწყობილობა და მის ინტერფეისს ავტომატურად ამ მდგომარეობას მოარგებს, რაც სმარტფონის გამოყენებას გაამარტივებს.
ამ დროისთვის კვლევა სმარტფონის ან მისი მსგავსი მოწყობილობის დაჭერის 6 სხვადასხვა გზაზეა ორიენტირებული: დაჭერა ვერტიკალურად ორი ხელით, მხოლოდ მარცხენა ხელით, მხოლოდ მარჯვენა ხელით და დაჭერა ჰორიზონტალურად ისევ ორივე, ან ცალი ხელით.
პირველიდან უახლეს სმარტფონამდე, გამოშვების წლების მიხედვით, მოწყობილობის ზომები გაიზარდა, შესაბამისად გართულდა მათი მხოლოდ ერთი ხელით დაკავება. თუმცა, ისეთი ინტერფეისი, რომელიც მომხმარებლის მიერ სმარტფონის დაჭერის მანერას ერგება, მაგალითად, ღილაკების დინამიკური გადანაცვლებით ეკრანის მარჯვნიდან მარცხნივ ან პირიქით, ან კლავიატურის დაპატარავებით და მისი მარჯვნივ ან მარცხნივ გასწორებით, სმარტფონის ერთი ხელით გამოყენებას ბევრად გაამარტივებს. ერთადერთი პრობლემა სმარტფონისთვის იმ უნარის მინიჭება იყო, რომელიც მას დაეხმარებოდა გაეგო, როგორ უჭირავთ იგი. სწორედ ეს საკითხი გადაჭრა მკვლევართა გუნდმა და ეს მათ დამატებითი აპარატული აღჭურვილობის გარეშე გააკეთეს.
საკმარისი განათებისა და რეზოლუციის სმარტფონით, წინა კამერას შეუძლია, ეკრანისკენ მიმართულ მომხმარებლის სახეს დააკვირდეს და მისი გუგებიდან ეკრანის ანარეკლი CSI სტილის სუპერ მასშტაბირებით აღიქვას. ანარეკლის საფუძველზე მოწყობილობა შეძლებს, მისი ფორმისა და ეკრანზე ცერა თითების დაფარვის შედეგად წარმოქმნილი ჩრდილების გაანალიზებით გაარკვიოს, თუ როგორ უჭირავთ იგი.
იქამდე, სანამ მომხმარებელი ამ პროგრამის გამოყენებას შეძლებს, გარკვეული წვრთნებია საჭირო, რაც მოიცავს მათ მიერ სმარტფონის ექვსივე გზით ჭერის 12 ფოტოს გადაღებას, რათა პროგრამულ უზრუნველყოფას სამუშაოდ დიდი სურათის ზომაც ჰქონდეს. თუმცა, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ შემთხვევების 84%-ში პროგრამას მაღალი სიზუსტით შეუძლია იმის განსაზღვრა, თუ როგორ უჭირავს მომხმარებელს მოწყობილობა.
პოტენციურად, წინა კამერების რეზოლუციისა და შესაძლებლობების ზრდასთან ერთად, პროგრამაც გაუმჯობესდება. თუმცა, სხვა მხრიდან რომ შევხედოთ ამ საკითხს, შემაშფოთებელია, რამდენი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი მომხმარებლის გუგებიდან.