საქართველოში ფქვილის იმპორტზე დროებით საიმპორტო საფასური დაწესდება, ცვლილება 10 ივნისიდან ამოქმედდება და ძალაში 5 თვე იქნება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებას ხორბლის მწარმოებელთა ასოციაცია და მემარცვლე ფერმერები ხელისუფლებისგან დიდი ხანია ითხოვდნენ.
ასოციაციის ხელმძღვანელის ლევან სილაგავას თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, ერთის მხრივ წისქვილები შეძლებენ მუშაობის გაგრძელებას, მეორეს მხრივ კი, ადგილობრივი ფერმერები პროდუქციის რეალიზაციას და ახალი მოსავლის მიღებაზე ფიქრს. ასევე, არ გაძვირდება პირველადი დანიშნულების პური.
„შინაარსობრივად და ეფექტის მიხედვით ეს გადაწყვეტილება შესაბამისობაშია იმასთან, რასაც ჩვენ ვითხოვდით. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ჩვენი წისქვილების მუშაობა და ადგილობრივი ხორბლის მიღება, რაც მემარცვლე ფერმერებს უჩენს მოტივაციას, სამომავლოდ ისევ მოიყვანონ ხორბალი. პურის ფასი კი დაზღვეულია. ასე რომ, ეს იყო სამმხრივად სასარგებლო გადაწყვეტილება, ბიზნესის ნაწილში. მოსახლეობისთვის კი ეს გადაწყვეტილება ასევე სასარგებლოა, რადგან პურის ფასის გადაზღვევის მექანიზმიც ჩადებულია. 1 ტომარა ფქვილის ფასი 52 ლარის ფარგლებში იქნება. ეს ფასი სწორად ჯდება კალკულაციაში, რომ პური არ გაძვირდეს და ამასთან, შეძლონ წისქვილებმა გააგრძელონ მუშაობა.
ამასთან, ჩვენი ფერმერები შეძლებენ გაყიდონ მათი ხორბალი ადეკვატურ ფასად. მთლიანობაში, ეს დროც – 5 თვე აღებულია ახალი მოსავლის მიღებამდე პერიოდი. ამის შემდეგ, შეიძლება ეს გადაწყვეტილება გაგრძელდეს, რაც დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორი იქნება ახალი მოსავალი. მეორეს მხრივ, საგადასახადო რეჟიმი რომელიც აქამდე არასამართლიანი იყო, ფაქტობრივად, გასწორდა. სწორედ ეს არის მექანიზმი, რითაც სახელმწიფო მსოფლიოში ხორბლის ბაზარზე არსებულ კონიუნქტურას უპასუხებს და შემდეგში ცვალებადობის მიხედვით უპასუხებს. ჩვენ საუბარი არასოდეს გვქონია, რომ სასათბურე პირობები გვინდოდა, უბრალოდ, გასასწორებელი იყო გადახდის რეჟიმი, რომელიც გასწორდა და ახლა უკვე მუშაობს შეჯიბრებითობის პრინციპი”, – ამბობს სილაგავა.
კითხვაზე, გაძვირდება თუ არა სხვა პურ-პროდუქტები ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი პასუხობს, რომ ჯერ არა და დრამატულად არა.
„თავისთავად ცხადია, რომ სხვა პურ-პროდუქტებზე ფასის ზრდა მოხდება. თუმცა, ჯერ ეს რეაგირება არ უნდა იყოს, რადგან გადაწყვეტილება ძალაში 10 ივნისიდან შევა. იქამდე ფქვილი შემოდის და საკმაოდ დაბალ ფასად, რაც ხელოვნურია, თუმცა ბაზარი გაჯერებულია და მარაგის გაკეთება მათ შეუძლიათ. არ მგონია, რომ დრამატულად აისახოს, თუმცა ეს არ არის პირველადი მოთხოვნილების პროდუქცია. ეს შეიძლება არის შემაწუხებელი ვინმესთვის, მაგრამ ტორტი, ნამცხვარი, ავსტრიული და გერმანული პური პირველადი დანიშნულების ვერ იქნება. ამაზე იქნება მცირე გაძვირება”, – განაცხადა სილაგავამ