ბრიტანული სააუქციონო სახლი Silverstone-ი აგვისტოს ბოლოს დაგეგმილ აუქციონზე გაიტანს 1988 წელს გამოშვებულ Volkswagen Caravelle-ს , რომელიც ცნობილ მეცნიერს, ფიზიკოს სტივენ ჰოკინგს ეკუთვნოდა.
1963 წელს სტივენ ჰოკინგს ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც ის ეტლით გადაადგილდებოდა. 1988 წელს მან Volkswagen Caravelle-ი შეიძინა. მოგვიანებით შორ მანძილზე სამოგზაუროდ ფიზიკოსის Volkswagen-ი სპეციალური პანდუსით აღჭურვეს, რისი საშუალებითაც მეცნიერი ავტომობილში დამოუკიდებლად ჩაჯდომას და გამოსვლას ახერხებდა.
რამდენიმე წლის შემდეგ ჰოკინგის ვითარება გაუარესდა და მას უფრო დიდი ეტლი დასჭირდა, რომელიც Volkswagen Caravelle-ში არ ეტეოდა. ფიზიკოსმა ავტომობილი ნათესავს გადასცა, რომელიც ავტომობილს ამ დრომდე ფლობდა, ახლა კი აუქციონზე გაიტანს.