საკონსულტაციო კომპანია Henley & Partners-ისა და ანალიტიკური კომპანია New World Wealth-ის ერთობლივი კვლევის შედეგად იმ ქვეყნების რეიტინგი გამოქვეყნდა, რომლებიც 100 მლნ დოლარის ან მეტი ქონების მფლობელების, ანუ ცენტიმილიონერების რაოდენობით გამოირჩევიან.
ცენტიმილიონერების რაოდენობით ქვეყნების ტოპ 10-ეული ასეთია:
აშშ – 9730
ჩინეთი – 2021
ინდოეთი – 1132
დიდი ბრიტანეთი – 968
გერმანია – 966
შვეიცარია – 808
იაპონია – 765
კანადა – 541
ავსტრალია – 463
რუსეთი – 435
სიის ტოპ 10-ეულს მოსდევს საფრანგეთი, რომელსაც 380 ცენტიმილიონერი ჰყავს, შემდეგი კი 298 სუპერმდიდარი ადამიანით იტალიაა. ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში სულ 25 490 ცენტიმილიონერია, რომლებიც, ძირითადად, ტექნოლოგიებისა და ტრანსნაციონალური კომპანიების მფლობელები, ფინანსისტები და ქონების მემკვიდრეები არიან. ბოლო 20 წლის განმავლობაში სუპერმდიდრების რიცხვი გაორმაგდა.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ უახლეს ათწლეულში ცენტიმილიონერების რაოდენობა ყველაზე სწრაფად აზიასა და აფრიკაში გაიზრდება. კვლევის თანაავტორი, ბრიტანელი ფინანსური ჟურნალისტი, მიშა გლენი წერს, რომ ათწლეულის განმავლობაში აზიაში მათი რიცხვი 57%-ით მეტი იქნება, ვიდრე ევროპასა და შეერთებულ შტატებში. მისი პროგნოზით, „ინდოელი და ჩინელი ცენტიმილიონერები ამერიკელ და ევროპელ თანაჯგუფელებს მალე გადაასწრებენ.“
ანალიტიკოსები მომდევნო ათწლეულში ყველაზე სწრაფ, 95%-იან ზრდას ვიეტნამში, უძრავი ქონების, ტექნოლოგიებისა და ფინანსური მომსახურების სექტორებში პროგნოზირებენ, ხოლო ინდოეთში ცენტიმილიონერთა რიცხვი 2032 წლისთვის 80%-ით გაიზრდება. აფრიკის ქვეყნებიდან სუპერმდიდრების მომრავლებით გამოირჩევა რუანდა, სადაც მათი რიცხვი 70%-ით გაიზრდება, უგანდაში – 65%-ით, ხოლო კენიაში 55%-ით. ზრდის 72%-იანი ტემპი ექნება ახალ ზელანდიას, ხოლო ავსტრალიაში მომდევნო ათწლეულში ცენტიმილიონერები 60%-ით მომრავლდებიან.