პირველად თბილისის ზოოპარკში ჟირაფებს ჩამოიყვანენ. ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის განცხადებით, საუბარია ხუთ ჟირაფზე, თუმცა რომელი ქვეყნიდან მოხდება მისი ტრანსპორტირება, ამ თემაზე გადაწყვეტილება სექტემბერში გახდება ცნობილი.
„საჟირაფე შენდება, ეს არის რთული შენობა, თუმცა უახლოეს პერიოდში უნდა დამთავრდეს. ამასობაში ჩვენ ვზრუნავთ ჟირაფების ჩამოყვანაზე, რადგან მას ასე მაღაზიაში ვერ იყიდი, სადღაც უნდა დაიბადოს, გარკვეულ ასაკამდე მივიდეს, შემდეგ ტრანსპორტირებაც რთული და ძვირად ღირებული საქმეა. მინიმუმ ეს იქნება ხუთი ჟირაფი, რაც შეეხება თვითონ ცხოველს, თბილისის ზღვის ზოოპარკი უკვე გახლავთ ევროპის აკვარიუმებისა და ზოოპარკების ასოციაციის წევრი რაც ნიშნავს, რომ გვეყოლება შესაბამისი კონსულტანტები და კარგად გაწვრთნილი მომვლელები. ამ მიზნით მათ შარშან უკვე გაიარეს შესაბამის სწავლებები, რადგან ჟირაფები განსაკუთრებული ცხოველები არიან და ზოგადად დიდი ზომის ცხოველებთან ურთიერთობა რთულია, მათთან ერთად იქნებიან მარტორქები, ბეჰემოთები. მათ უკვე გაიარეს ტრენინგი ჰოლანდიაში და წელს კიდევ გაგრძელდება ეს პროცესი. ორი ჩვენი ვეტ-ექიმი გაემგზავრება სამხრეთ აფრიკაში რომ იქ უკეთესად შეისწავლონ ეს პროცესი“, – განაცხადა გურიელიძემ.
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ზოოპარკის მშენებლობა 48 ჰექტარ მიწის ფართობზე მიმდინარეობს. ახალი ზოოპარკი ბიო-გეოგრაფიული ოლქების მიხედვით დაიყოფა, სადაც ორი მთავარი მიმართულება კავკასიური და აფრიკული სავანა იქნება.