ერევნის მუნიციპალური პარკი გერმანული ბრენდის MAN-ის უახლესი ავტობუსებით განახლდება. ქალაქის მთავრობის მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული, ამიერკავკასიის მასშტაბით, ავტოინდუსტრიის ლიდერი ქართული კომპანია „თეგეტა მოტორსი“ გახდა. ხელშეკრულებას მხარეებს შორის 2022 წლის 6 მაისს მოეწერა ხელი, რომლის თანახმადაც, სომხეთის დედაქალაქს, პირველ ეტაპზე, MAN-ის ბრენდის 100-მდე ერთეული ავტობუსი შეემატება.
სატრანსპორტო რეფორმა სომხეთის დედაქალაქში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით ხორციელდება.
ჰრაჩია სარგსიანი, ერევნის მერი: „ტენდერის მიხედვით, რომლის შეთანხმებას მომწოდებელ კომპანიასთან დღეს მოვაწერეთ ხელი, 12-მეტრიანი ახალი ავტობუსები ერევნის მოსახლეობას 2023 წლიდან მოემსახურება. მუნიციპალური ტრანსპორტის მიმართულებით ძირეულ ცვლილებებს ვგეგმავთ და ავტობუსების პარკის განახლება ამის ერთ-ერთი ნაწილია.ახალი ავტობუსების შემოყვანაში ტენდერში გამარჯვებული ქართული კომპანია „თეგეტა მოტორსი“ დაგვეხმარება, რომელიც MAN-ის ოფიციალური წარმომადგენელია. ჩვენი გეოგრაფიული სიახლოვე და კომპანიის გამოცდილება საშუალებას მოგვცემს, ტენდერის პირობები შეთანხმებულ ვადებში შესრულდეს. ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ ავტობუსებს ტექნიკური მომსახურება ერევანში ჩაუტარდება. ვფიქრობ, გამართული სერვისის მიწოდებით ჩვენი ავტობუსების ექსპლუატაციის ვადა კიდევ უფრო გახანგრძლივდება“.
ირაკლი პაპიაშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული ბიზნესმიმართულების დირექტორი: „საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით, ეს პირველი საერთაშორისო ტენდერია, რომლის თანახმადაც ავტობუსებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივაწვდით. „თეგეტას“ შეთავაზება საუკეთესო აღმოჩნდა და სხვა უცხოურ კომპანიებს გაუწია კონკურენცია. სატენდერო ხელშეკრულებით, რომელიც „თეგეტასა“ და ერევნის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმდა, სატრანსპორტო საშუალებებით უზრუნველყოფასთან ერთად, ვიღებთ ვალდებულებას, ვიზრუნოთ ავტობუსების მძღოლებისა და სერვისის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ეს პროცესი მულტიფუნქციური ტრენინგცენტრის – „თეგეტა აკადემიის“ ბაზაზე განხორციელდება.
ჰოლდინგს წლებია, მჭიდრო ბიზნესკავშირები აქვს სომხეთთან, სადაც „თეგეტა“ ბრიტანული პრემიუმ სპეცტექნიკის მწარმოებელი კომპანიის JCB-სა და სხვა ევროპული ბრენდების წარმომადგენელია, ვიმედოვნებთ, ახალი შეთანხმების ფარგლებში, შესაძლებლობა მოგვეცემა, დამატებითი წვლილი შევიტანოთ სომხეთის ავტოინდუსტრიის განვითარებაში“.
სომხეთის დედაქალაქს ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა, კომპრესირებული ბუნებრივი აირის ძრავაზე (CNG) მომუშავე 100-მდე ახალი ავტობუსი შეემატება. სხვა მოდელებთან შედარებით, აღნიშნული ავტობუსები გაცილებით უსაფრთხოა გარემოსთვის და ხელს უწყობს CO2-ის ემისიის შემცირებას. პროექტს ექნება მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი და სოციალური ეფექტი, ასევე, დედაქალაქში გაზრდის ურბანული ტრანსპორტის მობილობას, უსაფრთხოებას, კომფორტსა და ეფექტურობას.
MAN Lion’s City 12C ტიპის ავტობუსები 94 მგზავრზეა გათვლილი, არის თანამედროვე დიზაინის, უსაფრთხო, სრულად ადაპტირებული და კომფორტული შშმ პირებისათვის. აღნიშნული ავტობუსები შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით.
ავტობუსების გადაცემის პროცესი 2022 წლის ბოლოდან დაიწყება და 2022-23 წლების პერიოდში რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. შედეგად ერევნის მუნიციპალური სატრანსპორტო ქსელი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება და გაფართოვდება.