დღის სიახლეებიეკონომიკამეღვინეობაუმაღლესი განათლებაფინანსები

თსუ ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის მე-14 ყოველწლიურ კონფერენციას მასპინძლობს

0
გაზიარება

100-ზე მეტი ექსპერტი მთელი მსოფლიოდან მონაწილეობს ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის (AAWE) მე-14 ყოველწლიურ კონფერენციაში, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს.

ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი კარლ სტორჩმენი, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს პრეზიდენტი მამუკა წერეთელი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, ქართველი და უცხოელი სპეციალისტები, პროფესორები, სტუდენტები ესწრებიან.

ღვინის ეკონომისტები აშშ-დან, გერმანიიდან, გაერთიანებული სამეფოდან, იაპონიიდან, უნგრეთიდან, საფრანგეთიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ნიდერლანდებიდან, იტალიიდან, საქართველოდან მსჯელობენ ღვინის ეკონომიკასა და ინდუსტრიაზე, საკუთარ გამოცდილებასა და იდეებს უზიარებენ კოლეგებს.

,,დღეს პირველად ტარდება საქართველოში ასეთი რანგის ღონისძიება. სხვადასხვა ქვეყნიდან არიან ჩამოსულები ამ დარგის პროფესიონალები. ეს ხელს შეუწყობს უპირველესად კვლევას იმ საკითხებისა, რომელიც დაკავშირებული არის ღვინის ეკონომიკასთან, მისი ეკონომიკის განვითარებასთან და, საერთოდ, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან. ბევრმა გაიგო, რომ საქართველოში ღვინის წარმოების დიდი ტრადიციაა, ახლა საჭიროა ამის პოზიციონირება დიდ ბაზარზე. სწორედ, ამ საკითხებზე გვექნება საუბარი კონფერენციაზე,“ – განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

ქვეყნისთვის კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

,,კონფერენციის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, რომ უფრო დეტალურად გაეცნონ საქართველოს ღვინის ინდუსტრიის შესაძლებლობებს, კულტურას, ტრადიციებს. ჩამოსული არიან ღვინის სექტორის წამყვანი სპეციალისტები. კონფერენცია ქართული ღვინის ინდუსტრიას საერთაშორისო ცნობადობის თვალსაზრისით ძალიან დაეხმარება. ჩვენ ვცდილობთ, რომ გავზარდოთ ქართული ენდემური ჯიშების, ღვინის დაყენების მეთოდების ცნობადობა. მაგალითად, როგორიც არის ქვევრში ღვინის დაყენების მეთოდი, რომელიც ყველასგან განსხვავებულია. ეს არის ქართული ღვინის ძლიერი მხარე“, – განაცხადა მინისტრმა.

უცხოელი სპეციალისტები ღვინის სამშობლოში გაეცნობიან მეღვინეობის უნიკალურ პრაქტიკასა და ყურძნის ჯიშებს. კონფერენცია ხელს შეუწყობს საერთაშორისო აკადემიურ და საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაღრმავებას ღვინის ეკონომიკის მიმართულებით; ასევე, დაეხმარება ქართული ღვინის ინდუსტრიას აშშ-ში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ბაზრებზე წვდომაში.

ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს პრეზიდენტის მამუკა წერეთლის თქმით, „კონფერენცია კიდევ ერთი საშუალებაა იმისა, რომ მსოფლიო საზოგადოებამ გაიგოს საქართველოს როლის შესახებ ღვინის კულტურის განვითარებაში. საქართველო არის ღვინის როგორც ისტორიის, ასევე ინდუსტრიის განვითარების მხრივ ავანგარდში მყოფი ქვეყანა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იყოს ცენტრი იმ ყველაფრისა, რომელიც უკავშირდება ღვინოს, ღვინის ისტორიას, ღვინის ეკონომიკას, ღვინის პოლიტიკას. დიდი მნიშვნელობა აქვს ამ კონფერენციას მსოფლიო ბაზრებზე ქართული ღვინის დამკვიდრების თვალსაზრისით.“

ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის ყოველწლიური კონფერენცია სხვადასხვა დროს, მსოფლიოს წამყვან ღვინის მწარმოებელ ქვეყნებში ტარდება და ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ღვინის ეკონომიკის განვითარების პროცესში. ამასთან დაკავშირებით ისაუბრა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ: ,,ეს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და კიდევ ერთი აღიარებაა იმისა, რომ საქართველო გაჩნდა მეღვინეობის მსოფლიო რუკაზე და აღიქმება როგორც საკმაოდ სერიოზული და მნიშვნელოვანი ღვინის მწარმოებელი ქვეყანა. ეს კონფერენცია კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს ქართული ღვინის შესახებ ცნობადობის ამაღლებას.“

ქართული ღვინის განსაკუთრებულობისა და კულტურის მნიშვნელობაზე ისაუბრა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორმა კარლ სტორჩმენმა: ,,კონფერენციაზე განვიხილავთ ღვინის ეკონომიკასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს, ისეთებს, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და მარკეტინგი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ აქ ვართ, რადგან საქართველო ღვინის ქვეყანაა, ის ცნობილია ვაზის მრავალი ჯიშით, რაც განსაკუთრებით საინტერესოა ჩვენთვის. მსოფლიოს შეუძლია ბევრი რამ ისწავლოს საქართველოსგან.“

ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის (AAWE) მე-14 ყოველწლიური კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს მხარდაჭერით ტარდება. კონფერენცია 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ღონისძიების ერთ-ერთი ნაწილი არის ტური კახეთსა და ქართლში, სადაც სტუმრები დეტალურად გაეცნობიან ქართულ ჯიშებს, ღვინის წარმოების ტექნოლოგიებს და ქართული ღვინის კულტურასა და ეკონომიკას.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში One republic, Scorpions და Jungle ჩამოდიან

Starring Georgia-ს ფარგლებში, მიმდინარე წელს ქვეყანაში One republic, Scorpions, Jungle ჩამოვლენ - ინფორმაციას Black Sea Arena სოციალურ ქსელში ავრცელებს. ბილეთების გაყიდვა 29 მარტიდან ეტაპობრივად დაიწყება.29 მარტიდან, 10:00…

28 მარტის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,7084 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0029 ლარით გაუფასურდა ევრო - 2.9337 ლარი აშშ დოლარი -…

გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდნენ

pmcg-ს კვლევის მიხედვით, 2024 წლის თებერვალში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს გაიზარდა. pmcg-ს კვლევის მიხედვით, 2024 წლის თებერვალში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2023…

2024 წლის თებერვალში უნაღდო ტრანზაქციები და დანახარჯები გაიზარდა

2024 წლის თებერვალში, როგორც ჯამური უნაღდო დანახარჯების მოცულობა, ასევე უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა, წლიურად გაზრდილია. ინფორმაცია ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული. სასტუმროებში უნაღდო დანახარჯები წლიურ…

ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს

საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას, ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებისა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე თამაშის აღსანიშნავად გამოუშვებს. შესაბამისი გადაწყვეტილება…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!