7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ, თურქეთსა და სირიაში, ამ დროის მონაცემებით 16 000-ზე მეტი ადამანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს, ადგილობრივი დროით დილის 4 საათზე თურქეთის ქალაქ გაზაინთეფთან, სირიის საზღვრის სიახლოვეს მოხდა. დაღუპულთა რაოდენობა ნებისმიერ დროს შეიძლება გაიზარდოს, რადგან ამდროისთვის უამრავი ადამიანი ჯერ კიდევ ნანგრევების ქვეშ არის მოყოლილი.
მიწისძვრის შედეგად, თურქეთის დაახლოებით 10 პროვინცია დაზარალდა. ესენია: ადანა, ადიამანი, დიარბექირი, ჰატაი, გაზიანთეპი, კაჰრამანმარასი, კილისი, მალატია, ოსმანიე და შანლიურფა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაზარალებულ პროვინციებში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
თურქეთის სამხრეთი და სირიის ჩრდილოეთი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა, რასაც ადასტურებს ის ფაქტი,რომ მიწისძვრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილებს ამ დრომდე არ ჰყოფნით კარვები, თბილი ტანსაცმელი და პლედები, მიუხედავად იმისა, რომ მათ მთელი მსოფლიო ეხმარება.
საგანგაშო სიტუაციაა სირიაში, სადაც შიმშილს და ქვეყანაში გავრცელებულ ქოლერას თითქმის 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაემატა.უსახლკაროდ დარჩენილია 300 000 ადამიანი, დაღუპულთა რაოდენობამ კი 3 000-ს გადააჭარბა. სირია სრულად არის საერთაშორისო ჰუმანიტარულ დახმარებაზე დამოკიდებული.