უცხოეთში საქართველოს 62 598 მოქალაქე ცხოვრობს ლეგალურად, ასეთია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ პარლამენტის წევრის ლევან ბეჟაშვილის სადეპუტატო კითხვის პასუხად მიწოდებული ინფორმაცია. უწყების მონაცემებით, ამ სტატისტიკიდან 1 501 არასრულწლოვანია. საიდანაც ყველაზე მეტი – საქართველოს 244 არასრულწლოვანი მოქალაქე შევდეთის სამეფოშია საკონსულო აღრიცხვაზე; 194 – ირლანდიაში; 166 – დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში; 143-143 კი – ბელგიასა და საფრანგეთის რესპუბლიკაში.
რაც შეეხება, უცხოეთში ლეგალურად მცხოვრებ საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეებს, საგარეო უწყების ცნობით, მათი რაოდენობა 61 097-ია. აქედან ყველაზე მეტი – საქართველოს 8 398 სრულწლოვანი მოქალაქე საბერძნეთის რესპუბლიკაში იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე; 6 837 – აზერბაიჯანის რესპუბლიკაში; 5 721 – სალონიკში; 4 486 – ნიუ-იორკში; 2 487 – ბარსელონაში და 2 281 საფრანგეთის რესპუბლიკაში.