ვენაში ველოსიპედი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის ნაწილი გახდა
ავსტრიის დედაქალაქ ვენის მერიამ 3000 ველოსიპედი შეიძინა და მათი გაქირავების 200-ზე მეტი პუნქტი მოაწყო. ამით ველოგაქირავება საქალაქო ტრანსპორტის სისტემაში შევიდა, ხოლო მოქალაქეებს ველოსიპედებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალ სახეობად სთავაზობენ. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.
ქალაქის ერთიანი საშვით ველოსიპედით ნახევარსაათიანი მგზავრობა 30 ევროცენტი, ხოლო სამგზავრო ბარათის გარეშე 60 ევროცენტი ღირს.
საფრანგეთმა სექტემბერში დაიწყო პროგრამა, რომლის მიხედვითაც ელექტროველოსიპედის შესაძენად მთავრობა მოქალაქეზე 4000 ევროს გასცემს, ხოლო ესპანეთში ელექტრომატარებლებით მგზავრობა უფასო გახადეს, რომლის ვადაც გასულ თვეში მომავალი წლის ბოლომდე გააგრძელეს.
არაეკოლოგიური მანქანებისგან თავის დაღწევა საერთოევროპულ მიზანს ემსახურება, რომ 2050 წლისთვის კლიმატის ნეიტრალიტეტი იქნეს მიღწეული. ამ დროისთვის ევროპაში აღარ უნდა არსებობდეს იმაზე მეტი სითბური აირი, რისი შთანთქმაც ბუნებას, მათ შორის, მაგალითად, ხეებს შეუძლია. ამის შედეგად სითბური გაზები პლანეტაზე ატმოსფეროს ვეღარ „გაათბობს.