დედაქალაქის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია 24-საათიან რეჟიმში წარიმართება და ის 2024 წლის იანვარში დასრულდება. დაწყებულია „დიდუბის ხიდის“ რეაბილიტაციაც, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.
„დღეს დავიწყეთ წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაცია, რაც გულისხმობს როგორც მიწისქვეშა, ასევე მიწისზედა კომუნიკაციების სრულად შეცვლას. რეაბილიტაციის ფარგლებში ფაქტობრივად მთლიანი გამზირი განახლდება. როგორც აღვნიშნე, კომუნიკაციები სრულად შეიცვლება, საჰაერო სადენების მიწის ქვეშ განთავსება, ასევე გარე განათების ბოძების მონტაჟი მოხდება. ასევე გამწვანებული თარგები და მიწისქვეშა ურნები მოეწყობა. ამ პროექტთან ერთად, პარალელურ რეჟიმში დავიწყეთ ე.წ. დიდუბის ხიდის რეაბილიტაცია. რაც შეეხება სამუშაოების ვადებს, ხიდის ნაწილში სამუშაოები დაგეგმილი გვაქვს, რომ მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში დასრულდეს, ხოლო წერეთლის გამზირის ნაწილში, მომდევნო წლის იანვრის თვეში. რეაბილიტაციის ფარგლებში ჩართული არის მერიის მიერ დაქირავებული რამდენიმე კომპანია. გარდა ამისა, პროვაიდერი კომპანიები, ვინაიდან მათ საკუთრებაში არსებული ქსელების სრულად შეცვლა და განახლება უნდა მოხდეს.
რაც შეეხება ბიუჯეტს, წერეთლის გამზირის ბიუჯეტი 28 400 000 ლარს შეადგენს, ხოლო ხიდის ნაწილში ეს არის 4 200 000 ლარი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოები 24 საათის განმავლობაში წარმოებდეს და ასეც გვაქვს დაგეგმილი, რადგან სამუშაოები იმ ვადებში დასრულდეს, რაც მოსახლეობისთვის გვაქვს ნათქვამი. ამიტომ, იძულებული ვართ, ღამის განმავლობაშიც მიმდინარეობდეს რეაბილიტაცია, რა თქმა უნდა, ღამის განმავლობაში სამუშაოები მოსახლეობისთვის გარკვეული დისკომფორტი იქნება“, – განაცხადა ბენდელიანმა.