“მიმდინარე წლის სეტემბერში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის 10-15%-ით შემცირება არის მოსალოდნელი“, – ამის შესახებ საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ვახტანგ ბეჟიტაშვილმა განაცხადა.
ექსპორტის ვარდნას ბეჟიტაშვილი გეოპოლიტიკური არასტაბილურობით ხსნის და დარწმუნებულია, რომ აუცილებელია ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის გადამისამართება რუსული მიმართულებიდან უფრო სტაბილურ და პერსპექტიულ ბაზრებზე.
მისი თქმით, ექსპორტის კლება მიმდინარე და მოსალოდნელ არასტაბილურობასთან არის კავშირში, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას უკავშირდება.
„ეს ბიზნესი უკვე საკმაოდ დიდ რისკებთან არის დაკავშირებული, რადგან პროდუქცია მალფუჭებადია და ამ ეტაპზე მოლოდინი ამა თუ იმ ბაზრიდან არასტაბილურია. ეს ყველაფერი კი ექსპორტის შემცირებას იწვევს. აუცილებლად გვჭირდება ბაზრების დივერსიფიკაცია, რომ ჩვენი ექსპორტი მხოლოდ რუსეთში არ იყოს მიმართული. ჩვენ გვაქვს პოტენციალი ევროპის ქვეყნებში. ამ მიმართულებით კერძო სექტორმა სახელმწიფოსთან ერთად უნდა იმუშაოს და შედეგი აუცილებლად იქნება“- მიიჩნევს ვახტანგ ბეჟიტაშვილი.