“მეამას”, რომელიც ყავის მარცვლის იმპორტს 20-ზე მეტი ქვეყნიდან ახორციელებს, ბოლო ერთ წელში ნედლეული 20-30%-ით გაუძვირდა.
“მეამას” გენერალური დირექტორი ლუკა კაპანაძე ფასის ზრდას გასულ წელს ცუდი მოსავლიანობით და ყავის იმპორტიორი ქვეყნების მხრიდან გაზრდილი მოთხოვნით ხსნის. როგორც მან bm.ge-ს განუმარტა, კომპანიაში ფასის ზრდას ამ ეტაპზე არ გეგმავენ, თუმცა მის შენარჩუნებას როდემდე შეძლებენ არ იცის.
“ვცდილობთ მსოფლიო ბაზრებზე ყავის მარცვალზე ფასის ზრდას ჩვენი საოპერაციო პროცესების გაიაფებით ვუპასუხოთ და არა ყავაზე ფასის ზრდით. ამასთანავე, ჰორეკა სექტორში მომხმარებლების გააქტიურება შეინიშნება და გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით ჩვენს ყავაზე კაფე-რესტორნებში მოთხოვნის 35-40%-იანი ზრდაა.
საცალო ვაჭრობის მიმართულებით შემცირებული მოგების მარჟების დაბალანსებას ჰორეკა სეგმენტით ვცდილობთ. საბოლოო ჯამში ფასის შენარჩუნება რამდენად დიდხანს იქნება შესაძლებელი, რომ გაზრდილმა პროდუქციის ღირებულებამ გასაყიდ ფასებზე არ იმოქმედოს, ამის პროგნოზირება რთულია. პროდუქციის 30%-40%-ით გაძვირება თუ მოხდება, ჩვენ გასაყიდი ფასების გადახედვა მოგვიწევს,” – განმარტა ლუკა კაპანაძემ.
აღსანიშნია, რომ 2022 წელს საქართველოში ყავის იმპორტის მოცულობა 24.7%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის 5 თვეში საქართველოში 2,832 ტონა ყავა შემოვიდა, რაშიც ქვეყანამ 9.9 მილიონი დოლარი გადაიხადა. 1 ტონის საშუალო ფასი 3,503 დოლარი იყო.
გასულ წელს ქვეყანამ 2,270 ტონა ყავა შეიძინა და 6.1 მილიონი დოლარი გავიდა ქვეყნიდან. 1 ტონა ყავის საშუალო ფასი 2,704 დოლარი იყო. წლევანდელი ფასი, გასული წლისაზე 30%-ით მეტია.
საქართველო ყავის მარცვალს რამდენიმე ქვეყანაში ყიდულობს. ყავის 5 უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყანას შორის ინდონეზია (1,579 ტონა), ვიეტნამი (403 ტონა), რუსეთი (226 ტონა) გერმანია (155 ტონა) და იტალია (102 ტონა) ხვდებიან.