ინდმეწარმე გოჩა ოთარაშვილის მიერ წელს დაწყებული ხილისა და ბოსტნეულის დაკონსერვებული ქარხნის პროდუქცია ამიერიდან ექსპორტზე ევროკავშირის ქვეყნებში, კერძოდ კი საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და აშშ-ში გავა.
პროდუქციის ასორტიმენტი საკმაოდ მრავალფეროვანია: ტყემლის რამდენიმე სახეობა, პომიდვრის სოუსები, აჯიკა, აჯაფსანდალი, კომშის, ფეიხოას და მარწყვის ჯემები, ხილისა და კენკრის კომპოტები და ა.შ.
EastFruit-ი წერს,რომ გოჩა ოთარაშვილი ქარხნის პროდუქციას სხვადასხვა ტევადობის მინის ბოთლებსა და ქილებში აწარმოებს, ძირითადად 250 – 500 გრ-მდე – დამკვეთის მოთხოვნებიდან გამომდინარე. წლიური წარმოების მოცულობა 0,5 მლნ სტანდარტული ქილაა.წარმოებისთვის ნედლეულის შეძენა ექსკლუზიურად ადგილობრივი ფერმერებისგან, სეზონის მიხედვით ხდება. ერთი და იგივე ხილის ან ბოსტნეულის დამუშავება შეიძლება განსხვავდებოდეს რეცეპტის მიხედვით.
„მაგალითად, გერმანიასა და საფრანგეთში ჩვენი პროდუქცია წარმოდგენილია ეთნიკური ქართველების მიერ სტრასბურგში დაარსებული კომპანიის ბრენდის Mimino-ს ქვეშ. მათთან 10 წელზე მეტია ვთანამშრომლობ. აშშ-სა და სომხეთში – სხვა ბრენდის ქვეშ. ქართულ ბაზარზე ჩვენი პროდუქცია თითქმის მთლიანად არის „ქართული ნატურალური პროდუქტის“ ბრენდის ქვეშ, იმავე ბრენდით ჩვენ ექსპორტს ვახორციელებთ პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი პროდუქცია უმეტესად სუპერმარკეტების ქსელშია, თითქმის ყველაში, გარდა „კარფურისა“ და „მაგნიტისა“, სადაც პირობებით არ ვიყავით კმაყოფილი“, – განაცხადა გოჩა ოთარაშვილმა
„ქართული ნატურალური პროდუქტის“ თანადამფუძნებლები ამჟამად საწარმოების გაერთიანებისა და ერთი ბრენდის ქვეშ პროდუქციის წარმოების შესაძლებლობას განიხილავენ.