საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს ეროვნული ბანკისა და მთავრობის ეკონომიკური ზრდის თუ ინფლაციის პროგნოზები მიმდინარე და მომავალ წელთან დაკავშირებით მცირედით განსხვავდება, მაგრამ ზრდის განმაპირობებელ ფაქტორებად ყველა მათგანი თითქმის ერთსა და იმავეს ასახელებს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) თანახმად, წელს საქართველოს ეკონომიკა 9%-ით გაიზრდება. IMF განახლებულ მიმოხილვაში აღნიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდა და ლარის გამყარება ტურიზმიდან მზარდმა შემოსავლებმა, ომთან დაკავშირებულმა მიგრაციამ და ფინანსურმა შემოდინებებმა, საქართველოს გავლით სავაჭრო ტრანზიტის ზრდამ განაპირობა.
IMF წელს სამომხმარებლო ფასების 11.6%-ით ზრდას ვარაუდობს, ხოლო 2023 წლიდან, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის კვალდაკვალ, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად ინფლაციის მაჩვენებელიც შემცირდება.
მსოფლიო ბანკი (WB) 2022 წელს საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის 8.8%-იან მატებას ვარაუდობს, რაც ყველაზე მაღალია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. საშუალოვადიან პერიოდში ზრდის 5%-მდე დასტაბილურებაა მოსალოდნელი. მომდევნო წელს WB-ც ეკონომიკის 4.2%-მდე შენელებას მოელის საქართველოში, რაც გამოწვეული იქნება 2022 წელს მძლავრი აღდგენის სტიმულის შესუსტებით, ევროკავშირში ეკონომიკური ზრდის შემცირებითა და რუსეთში წარმოებული პროდუქციის მოცულობის მოსალოდნელზე მკვეთრი ვარდნით.
ორნიშნა იქნება ინფლაცია 2022 წელს WB-ს პროგნოზითაც, 2023 წლის ბოლოსთვის კი ფასებზე წნეხი უნდა შემსუბუქდეს ნავთობის ღირებულებისა და მიწოდების შეფერხებების კლების ფონზე. ბანკის თანახმად, მუდმივმა ინფლაციამ, გლობალურად ფინანსური მდგომარეობის გაუარესებასთან ერთად, შესაძლოა, გავლენა იქონიოს ლარის კურსზე, დოლარიზაციის მაღალმა დონემ კი მაკრო-ფინანსურ სტაბილურობაზე. ფულადი გზავნილებისა და სატრანზიტო დერეფნის გასწვრივ ვაჭრობის ზრდით კი ქვეყანამ დამატებითი სარგებელი უნდა მიიღოს.
მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობასა და ტურიზმის აღდგენის პოზიტიურ ტემპს უსვამს ხაზს ევროპის რეკონსტრუქციის ბანკიც (EBRD) რომლის თანახმად, რუსეთიდან ბიზნესების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორის პროფესიონალების შემოდინებამ ფულადი ტრანსფერების ზრდა განაპირობა.