ესტონური გაზეთი, Eesti Päevaleht ორშაბათობით საქაღალდე ვერსიით აღარ გამოვა. ეს ერთადერთი დარჩენილი გამოცემა იყო, რომელიც ორშაბათობით ქაღალდით გამოიცემოდა, რასაც 16 იანვრიდან შეწყვეტს. გაზეთებმა, Postimees-მა და Õhtuleht-მა ქაღალდის ნომრებზე ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს თქვეს უარი, ხოლო ბიზნესგაზეთმა, Äripäev-მა ქაღალდის გამოცემა შემოდგომაზე მთლიანად მიატოვა და ციფრულ ფორმატზე გადავიდა.
Eesti Päevaleht-ის მთავარი რედაქტორი, ურმო სოონვალდი და გაზეთის მფლობელი კონცერნის, Delfi Meedia-ს თავმჯდომარე, არგო ვირკებაუ აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება ხარჯების ზრდისა და სამთავრობო უწყებათა გულგრილობის შედეგი იყო. მათი თქმით, „სახელმწიფოს ჰქონდა მომენტები და შესაძლებლობა, გაეანალიზებინა ფასების ზრდის მოკლე და გრძელვადიანი შედეგები. თუმცა გარკვეული მიზეზების გამო მან ხელი შეუწყო იმ ფაქტს, რომ გაზეთების, Õhtuleht-ის, Postimees-ისა და Eesti Päevaleht-ის, დაახლოებით, 65 000 გამომწერს ორშაბათობით ქაღალდის გამოცემების წაკითხვა აღარ შეეძლოთ.“
Eesti Päevaleht-მა შაბათის ნომერი დიდი ხანია, გააუქმა და ახლა უკვე ორშაბათის გამოკლებით გაზეთი კვირაში მხოლოდ ოთხი დღე გამოვა. გასული წლის ბოლოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა საფოსტო კომპანია Omniva-მ პერიოდული გამოცემების სახლში მიწოდების ტარიფები მკვეთრად გაზარდა, რის შემდეგაც Postimees-მა და Õhtuleht-მა ორშაბათის ნომრები გააუქმეს.