შინაური ბინადარი ცხოველის გაგდებისთვის შესაძლოა, მაღალი ჯარიმა დაწესდეს და მეპატრონეს ახალი ცხოველის აყვანის უფლება დროებით შეეზღუდოს. აღნიშნული ჩანაწერი შესაძლოა, „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ საქართველოს კანონის პროექტში“ გაჩნდეს. თუმცა ამ ეტაპზე კანონპროექტის საბოლოო ვერსიის ჩამოყალიბებაზე მსჯელობა მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე უცნობია რამდენი იქნება სანქციის ოდენობა.
„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ავტორებმა პროექტზე შემოსული შენიშვნების ავტორებთან შეხვედრის შემდეგ რამდენიმე საკითხი გაითვალისწინეს, რომელთა შორის ერთ-ერთი სწორედ ცხოველის მიტოვებისთვის მაღალი ჯარიმის დაწესებაა.
გარდა ამისა, შენიშვნების ავტორებთან შეხვედრის შემდეგ გათვალისწინებულ საკითხებს შორისაა:
- ცხოველის პასპორტის სავალდებულო ტარების ვალდებულების გაუქმება;
- ვეტერინარის ყოლის ვალდებულების დაწესება საშენისათვის, რომელშიც ხდება 10-ზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის გაჩერება;
- ცხოველის მოვლა-პატრონობის ვალდებულების შეუსრულებლობისა ან/და გაგდება/მიტოვებისათვის დაჯარიმებული მეპატრონისათვის შეზღუდვის დაწესება, რომ მალევე ვერ შეძლოს ახალი შინაური ბინადარი ცხოველის აყვანა;
- არასათანადო მოპყრობაში ცხოველის მუდმივ დაბმულ მდგომარეობაში ყოფნის დამატება;
უპატრონო და მიკედლებული შინაური ბინადარი ცხოველების იდენტიფიცირება ასევე საჭდით.