მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წმინდა მოგება 29,9 მლნ ლარამდე გაიზარდა
მისო-ების 2023 წლის პირველი კვარტლის ფინანსურ მაჩვენებლებში აღნიშნულია, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წმინდა მოგება 29,9 მლნ ლარამდე გაიზარდა.
როგორც ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემენიდან ჩანს, წელს 3 თვეში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 29 938 426 ლარის წმინდა მოგება მიიღეს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 28 457 642 ლარის.
2023 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით, მისო-ების მთლიანი აქტივები შეადგენდა 1,866 მლრდ ლარს, მთლიანი კაპიტალი კი 682,7 მლნ ლარს, ხოლო საანგარიშო პერიოდში მისო-ების მთლიანმა საპროცენტო შემოსავალმა 102 753 904 ლარი შეადგინა, საიდანაც ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან სექტორმა 91 931 280 ლარი მიიღო, იურიდიულ პირებზე გაცემული სესხებიდან საპროცენტო შემოსავალმა კი 1 534 959 ლარი შეადგინა.
გასული წლის ბოლოს ბაზარზე 35 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა.