„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ადგილობრივი წარმომადგენლის განცხადებით, ახალციხელ ფერმერებს კარტოფილის რეალიზაცია უჭირთ, ერთ თვეზე მეტია მოსავალი აიღეს, თუმცა გაყიდვას ვერ ახერხებენ, ვერ გააქვთ ვერც ექსპორტზე.
საქართველოში კარტოფილის იმპორტი მნიშვნელოვნად იზრდება, ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი კი მცირდება. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან მხოლოდ 1,281 მლნ დოლარის ღირებულების 4 723 ტონა კარტოფილი გაიტანა, ეს მაშინ, როდესაც იმპორტის მოცულობამ 7,685 მლნ დოლარი, 22 998 ტონა შეადგინა. შედეგად გამოდის, რომ საქართველოში კარტოფილის იმპორტი ექსპორტს თითქმის 5-ჯერ აღემატება.
საქსტატის მონაცემებით, წელს საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით კარტოფილის იმპორტი რუსეთიდან განხორციელდა – კერძოდ, ჩრდილოეთიდან 2,261 მლნ დოლარის ღირებულების 8 395 ტონა კარტოფილი შემოვიდა. სამეულში შედიან ბელარუსი – 2,132 მლნ დოლარის ღირებულების 7 878 ტონით და გერმანია, სადაც 1,185 მლნ დოლარის ღირებულების 1 180 ტონა კარტოფილი ვიყიდეთ.
ადგილობრივი კარტოფილი ექსპორტზე, ყველაზე დიდი რაოდენობით გავიდა აზერბაიჯანში – 745,9 ათასი დოლარის ღირებულების 3 426 ტონა, მეორე ადგილზეა რუსეთი, სადაც 493,4 ათასი დოლარის ღირებულების 1 176 ტონა კარტოფილი გაიყიდა, მესამეზე კი ბელარუსი 30,72 ათასი დოლარის ღირებულების 84,5 ტონა.
საქართველოს უფრო მეტი კარტოფილი შემოაქვს, ვიდრე ყიდის, ქვეყანას იმპორტი უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე ექსპორტი. საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, გამოდის, რომ წელს ქვეყანამ ერთი კილოგრამი კარტოფილი საშუალოდ 27 ცენტად გაყიდა, იმპორტის ღირებულებამ ერთ კილოგრამზე კი საშუალოდ 33 ცენტი შეადგინა.